საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიის „ომონიას“ შეუთანხმდა. კვიპროსული მედიის ცნობით, 29 წლის ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის ჩემპიონთან ძალიან ახლოსაა.
როგორც goal.philenews.com-ი იტყობინება, თუ რომელიმე მხარე შეთანხმებას არ დაარღვევს, ოქრიაშვილი უახლოეს დღეებში „ომონიას“ ფეხბურთელი გახდება. წყაროს თანახმად, თორნიკე კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ოქრიაშვილი „ანორთოსისში“ 180 ათას ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო „ომონიამ“ მას გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზა - 300 ათასი. ქართველ შემტევს კარიერის გაგრძელება სხვა ქვეყანაში სურდა, მაგრამ გამოცემა წერს, რომ უკეთესი წინადადებები არ მიუღია, რის გამოც არჩევანი ნიქოზიელებზე შეაჩერა.
„ომონიას“ ვეტერანი ნორვეგიელი ფეხბურთელი ჰენინგ ბერგი წვრთნის და კვიპროსის მოქმედი ჩემპიონია. კვიპროსული მედიის ცნობით, ოქრიაშვილი ბრაზილიელ ტიაგოს კარგად შეცვლის, რადგან მასზე ახალგაზრდაა და როდესაც ჯანმრთელია, ყოველთვის მაღალ დონეზე თამაში შეუძლია.
შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობდა და გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა. მან გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა.