ფეხბურთი

2:17 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

U21 ევროპის ჩემპიონატი: საოცრად დრამატული მეოთხედფინალები

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და ნახევარფინალისტები გამოვლინდა. მეოთხედფინალი ძალზე დრამატული გამოდგა და განსაკუთრებით პორტუგალია-იტალიის მატჩი იყო დაძაბული.

პორტუგალიელთა 21-წლამდე ნაკრები დანი მოტას დუბლით უგებდა იტალიას, ტაიმის ბოლოს კი ტომაზო პობეგამ ერთი ბურთი გაქვითა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და პორტუგალია ახლოს იყო მოგებასთან. თუმცა 89-ე წუთზე პატრიკ კუტრონემ გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

91-ე წუთზე იტალია მოედანზე კაცნკალული დარჩა. სხვათა შორის, ეს იყო იტალიელთა მეოთხე თამაში ტურნირზე და მე-6 წითელი ბარათი მიიღეს! პორტუგალიამ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა, 109-ე და 119-ე წუთზე ორი გოლი გაიტანეს და ლუზიტანელებმა 5:3 მოიგეს.

არანაკლებ დრამატული იყო გერმანიისა და დანიის მატჩი. დანიელები 88-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ გაუშვეს და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და ნახევარფინალისტი პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელშიც ალემანები უფრო ზუსტნი იყვნენ - 6:5.

ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთთან დაიო უპამეკანოს გოლის გამო 0:1 მარცხდებოდა, თუმცა, მირონ ბოადუს დღე იყო, რომელმაც 51-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე დუბლი შეასრულა და ფრანგები ტურნირს მიღმა დატოვა.

დრამატული და დაძაბული იყო ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრაც. ესპანელები მსაჯის მე-4 კომპენსირებულ წუთამდე იგებდნენ, ხორვატებმა გაათანაბრეს და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ხავი პუადომ დუბლი შეასრულა და პირინელები ნახევარფინალში გავიდნენ.

ორივე ნახევარფინალი 3 ივნისს გაიმართება, ნიდერლანდები გერმანიას და ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

პორტუგალია - იტალია 5:3 დ.დ (2:1)

გოლები: 1:0 მოტა (6), 2:0 მოტა (31), 2:1 პობეგა (45), 3:1 რამოსი (58), 3:2 სკამაკა (60), 3:3 კუტრონე (89), 4:3 ჟოტა (109), 5:3 კონსეისაო (119)

ნიდერლანდები - საფრანგეთი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 უპამეკანო (23), 1:1 ბოადუ (51), 2:1 ბოადუ (90)

ესპანეთი - ხორვატია 2:1 დ.დ (0:0)

გოლები: 1:0 პუადო (66), 1:1 ივანუსეჩი (90), 2:1 პუადო (110)

დანია - გერმანია 2:2 პენ: 5:6 (0:0)

გოლები: 1:0 ფაგირი (69), 1:1 ნმეჩა (88), 1:2 ბურკარდტი (100), 2:2 ნელსონი (108, პენ)

0.234738