კალათბურთი

15:00 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "კლიპერსის" დაბრუნებული შანსი და "ბრუკლინ ნეტსის" მფრინავი სამეული (+VIDEO)

NBA-ში გამთენიას 2 მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდ ყურადღებას კი „ლოს ანჯელეს კლიპერსისა“ და „დალას მავერიქსის“ დაპირისპირება იწვევდა. ამ წყვილში ორი მატჩის შემდგომ „დალასი“ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და ბევრმაც ჩათვალა, რომ თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა „ლოს ანჯელესელებმა“ სტუმრად 2 თამაში მოიგეს და ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.

უშუალოდ ამ შეხვედრაში ტაირონ ლიუს გაწვრთნილმა გუნდმა ყველა პერიოდი მოიგო და საბოლოოდ ძალიან დიდი უპირატესობით 106:81 იმარჯვა.

კავაი ლეონარდიმ ორმაგი დუბლი შეასრულა და საუკეთესო იყო - ამერიკელმა საკუთარ გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი შესძინა. პოლ ჯორჯი კი 20 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით გამოირჩა.

დამარცხებულთა რიგებში 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა გუნდის ლიდერ ლუკა დონჩიჩს, თუმცა, ეს მის გუნდს თამაშის გადასარჩენად არ ეყო და მატჩის ბოლოს თავად სლოვენიელმაც აღნიშნა, რომ ძალიან ცუდ ფორმაში იყო.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და 2:2 გახდა, მეხუთე დაპირისპირება კი ლოს ანჯელესში, 3 ივნისს გაიმართება.

დღის კიდევ ერთ შეხვედრაში „ბოსტონ სელტიკსი“ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და უხვქულიან მატჩში „ბრუკლინმა“ მესამე გამარჯვება მოიპოვა - 126:141.

ბოსტონელებმა ყველაფრის კარგად დაიწყეს, თუმცა, მომდევნო ორ პერიოდში მეტოქემ მათზე 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რისი აღმოფხვრაც ბოლო მეოთხედში ვეღარ შეძლეს.

აღნიშნულ შეხვედრაში „ბრუკლინის“ კალათბურთელები საუცხოოდ გამოიყურებოდნენ: კევინ დურანტმა, კაირი ირვინგმა და ჯეისონ ჰარდენმა გუნდს 104 ქულა მოუტანეს.

დურანტმა 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ირვინგმა 39 ქულით, 11 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო ჰარდენმაც ასევე ორმაგი დუბლი - 23 ქულით 5 მოხსნითა და 18 პასით შეასრულა.

დამარცხებულთა რიგებში კი 40 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო, რომელსაც 7 მოხსნა და 5 პასიც წაამატა.

სერიაში ანგარიში 3:1 გახდა, მომდევნო შეხვედრა კი 2 ივნისს გაიმართება.

0.122554