მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ყოფილ კლუბს ღია წერილით დაემშვიდობა, რომელშიც იმ მოტივებზე ისაუბრა, რის გამოც მადრიდული გრანდი დატოვა. როგორც ფრანგი წერს, ბოლო დროს კლუბისგან საკმარის ნდობას ვეღარ გრძნობდა.
„ძვირფასო მადრიდისტებო, 20 წლის განმავლობაში, პირველივე დღიდან, როდესაც ფეხი დავდგი ქალაქ მადრიდში და თეთრი მაისური ჩავიცვი, მაჩვენეთ თქვენი სიყვარული. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული იყო. მე დიდი პატივი მქონდა ისტორიაში უდიდესი კლუბის ფეხბურთელი და მწვრთნელი ვყოფილიყავი, რის გამოც მინდა ამ წერილის დაწერა და ავხსნა რატომ დავტოვე მთავარი მწვრთნელის პოსტი.
როდესაც 2019 წლის მარტში დაბრუნებაზე დავთანხმდი დაახლოებით რვა თვის შემდეგ, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ფლორენტინო პერესი დამიკავშირდა და ასევე იმიტომ, რომ თქვენ ყოველდღე მომიწოდებდით დაბრუნებაზე. ქუჩაში საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობდი. იმის გამო, რომ მე მადრიდიზმის ღირებულებებს ვიზიარებ, ეს კლუბი ეკუთვნის მის გულშემატკივრებს, მის წევრებს, მთელი მსოფლიოს გარშემო. ვცდილობდი, ეს ღირებულებები გადმომეცა ყველაფერში, ვცდილობდი მაგალითი გავმხდარიყავი. „რეალში“ 20 წლის გატარება იყო ყველაზე კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ვიცი, რომ ფლორენტინო პერესის ვალი მაქვს, რომელმაც 2001 წელს ჩემზე ფსონი დადო იმის მიუხედავად, რომ საწინააღმდეგო აზრი ბევრს ჰქონდა. ამას გულით ვამბობ, ამის გამო პრეზიდენტის მადლიერი ვიქნები ყოველთვის.
ახლა წასვლა გადავწყვიტე და მინდა კარგად ავხსნა მიზეზები. მივდივარ, მაგრამ ნავიდან არ ვხტები, რადგან მწვრთნელობით დავიღალე. 2018 წლის მაისში წავედი, რადგან ორი წლის განმავლობაში მოპოვებული უამრავი გამარჯვებით ვიგრძენი, რომ გუნდს ახალი პროექტი სჭირდებოდა. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. მე მივდივარ, რადგან ვგრძნობ, რომ კლუბი საჭირო ნდობას არ მაძლევს, არ შემოუთავაზებიათ დახმარება საშუალოვადიან პერსპექტივაში.
ვიცნობ ფეხბურთს და ვიცი ისეთი კლუბის საჭიროებები, როგორიც „რეალია“. ვიცი, რომ როდესაც ვერ იმარჯვებ, უნდა დატოვო. მე დაბადებიდან გამარჯვებული ვარ და აქ ვიყავი თასების მოსაპოვებლად. ამის მიღმაც არსებობენ ადამიანები, თავიანთი ცხოვრებითა და ემოციებით. მე მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი არ არის დაფასებული. გარკვეულწილად საყვედურიც გამომიცხადეს.
მინდა პატივი ვცეთ იმას, რაც ერთად გავაკეთეთ. მსურს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩემი ურთიერთობა კლუბთან და პრეზიდენტთან ცოტა განსხვავებული ყოფილიყო. პრივილეგიები არ მომითხოვია. დღეს დიდ კლუბში მწვრთნელის ცხოვრება ორი სეზონი ან ცოტა მეტი გრძელდება.
უფრო დიდხანს რომ გაგრძელდეს, ადამიანური ურთიერთობები აუცილებელია, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, დიდება და ყველაფერი. ამაზე უნდა იზრუნო. ამიტომ ძალიან მწყდება გული, როდესაც მარცხის შემდეგ გაზეთებს ვკითხულობდი, გუნდიდან გაშვებული ვიყავი თუ მომდევნო მატჩს არ მოვიგებდით. ეს მტკივნეული იყო ჩემთვის და მთელი გუნდისთვის, რადგან ამ მესიჯებმა განზრახ გაჟონა მედიაში, ნეგატიური ჩარევა შეიტანა სტაფში, ეჭვები და გაუგებრობები გააჩინა. საბედნიეროდ, მე ვავარჯიშებდი შესანიშნავ ბიჭებს, რომლებიც მზად იყვნენ ჩემთან ერთად სიკვდილისთვის. როდესაც ყველაფერი ცუდად გახდა, მათ დიდი გამარჯვებებით გადამარჩინეს, იმიტომ, რომ მათ ჩემი სჯეროდათ და იცოდნენ, რომ მე მათი მჯეროდა.
რა თქმა უნდა, მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ შემიძლია ვენდო და გავაძლიერო ყველა, ვისაც ეს სჭირდება, იქნება მოთამაშეები, მწვრთნელები თუ ნებისმიერი თანამშრომელი. ზუსტად ვიცი გუნდს რა სჭირდება. „რეალში“ ამ 20 წელიწადში გავიგე, რომ გულშემატკივრებს მოგება გსურთ, რა თქმა უნდა, გინდათ ეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გინდათ, რომ ყველაფერი გავიღოთ, მწვრთნელებმა, სტაფმა, თანამშრომლებმა და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კლუბისთვის 100%-ით დავიხარჯეთ.
ამ წერილს ჟურნალისტებისთვის გასაგზავნადაც ვიყენებ. ასობით პრესკონფერენცია ჩავატარე და სამწუხაროდ, ფეხბურთზე ცოტა რამ ვისაუბრეთ, ვიცით, რომ ეს სპორტი გიყვართ. მინდოდა, რომ ამ ხალხის კითხვები უფრო ფეხბურთისკენ ყოფილიყო მიმართული, პირველ რიგში ფეხბურთელებზე, რომლებიც ამ თამაშის მთავარი გმირები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. არ დაივიწყოთ ფეხბურთი და მოდით ფეხბურთზე ვიფიქროთ. ძვირფასო მადრიდისტებო, მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები, ჰალა მადრიდ“, - წერს ზიდანი.
შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი „რეალს“ 2016-2018 და 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით „სამეფო კლუბმა“ 11 ტიტული მოიგო და მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.