სხვა

2:41 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეგან ბერნალმა ჯირო დ’იტალია მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, ჯირო დ’იტალია კოლუმბიელი ეგან ბერნალის გამარჯვებით დასრულდა. ეს მის მიერ მოგებული ველომარათონია. „ინეოს გრენადერსის“ მრბოლს ადრე ტურ დე ფრანსი აქვს მოგებული და ახლა ისღა დარჩენია, ვუელტაც მოიგოს, რითაც ელიტარული ველომრბოლების კლუბს შეუერთდება.

ბერნალმა ესტაფეტა თავისი ბრიტანელი თანაგუნდელისგან, ტაო გეოგეგენ ჰარტისგან მიიღო, ვინც ჯირო შარშან მოიგო. ბოლო ეტაპზე, 30.3-კილომეტრიან დროზე რბოლაში, მან უსაფრთხო ტაქტიკით იასპარეზა და წუთით და 29 წამით დაამარცხა თავისი იტალიელი კონკურენტი, დამიანო კარუზო (ბაჰრეინ-ვიქტორიოუს).

დროზე რბოლა ბერნალის თანაგუნდელმა, იტალიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ფილიპო განამ მოიგო, ვინც ჯიროს პირველ ეტაპზეც გაიმარჯვა, რომელიც ასევე დროზე რბოლა იყო.

„ძნელი აღსაქმელია, რაც მოხდა. ჯირო დ’იტალია მოვიგე. სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რაც ამ ორ დღეში მოხდა“, - ყვება 24 წლის ბერნლი, ვინც ამ რბოლაში ორი ეტაპიც მოიგო.

ბერნალისთვის გასული სეზონი რთული იყო - ზურგის ტკივილის დროს, რომელიც ამ სეზონის დასაწყისშიც გამოჰყვა, ტურ დე ფრანსზე, რომელიც 2019 წელს აქვს მოგებული, თავი ვერაფრით გამოიჩინა. ჯიროზე მისი გამარჯვება, დიდწილად თანაგუნდელების გარჯამ განაპირობა. განსაკუთრებით კი თანამემამულე დანი მარტინესი დაეხმარა, ვინც ურთულეს სამთო ეტაპებზე გვერდიდან არ მოშორებია და თითქმის ფინიშამდე აცილებდა ხოლმე.

გადამწყვეტი გამოდგა ბოლოსწინა, სამთო ეტაპი, რომლის მიწურულსაც კარუზომ გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო და ეტაპიც მოიგო. მაგრამ ბერნალმა იმავე მარტინესის დახმარებით, ფინიშს მეორემ მიაღწია და მალია როსა შეინარჩუნა. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი.

ბერნალმა თავისი გამარჯვების ჭედვა პირველ ორ კვირაში დაიწყო. პირველად ეტაპი კამპო ფელიჩეს გრუნტიან გზაზე მოიპოვა და ეს მისთვის პირველი მოგებული ეტაპი იყო ველომარათონებზე. მეორედ კი კორტინა დ’ამპეცოში გაიმარჯვა. ის მეორე კოლუმბიელი მრბოლია, ვინც ჯიროზე გამარჯვება შეძლო. იტალიური ველომარათონის პირველი კოლუმბიელი ჩემპიონი, ნაირო კინტანა გახდა, ვინც რბოლა 2014 წელს მოიგო.

ბერნალისთვის შემდეგი რბოლა ტოკიოს ოლიმპიადაზეა, სადაც საგზაო რბოლაში უნდა იასპარეზოს, მაგრამ ახლახანს მან განაცხადა, რომ შესაძლოა ოლიმპიადა გამოტოვოს. შემდეგ ის ვუელტაზე გამოვა, სადაც „ინეოსის“ ლიდერი ადამ იეიტსი (ჯიროზე მესამე ადგილზე გასული საიმონ იეიტსის ტყუპისცალი) იქნება.

ცნობისათვის, სამივე ველომარათონი მოგებული აქვთ: ფრანგ ჟაკ ანკეტილს, იტალიელ ფელიჩე ჯიმონდის, ბელგიელ ედი მერქსს, ფრანგ ბერნარ ინოს, ესპანელ ალბერტო კონტადორს, იტალიელ ვინჩენცო ნიბალის და ბრიტანელ კრის ფრუმს. ამათგან ყველაზე ახალგაზრდამ (25 წლისამ) ეს კონტადორმა შეძლო. თუ ბერნალი ვუელტას წელსვე მოიგებს, ის სამივე ველომარათონის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდება.

0.189405