ფეხბურთი

20:47 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ცოტა რამ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების შესახებ

დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, პორტუში. ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ორივე გუნდის შესახებ უკვე ბევრია დაწერილი. ჩვენ კი, ერთგვარ სახალოსო ამბებს შემოგთავაზებთ, რომლებიც, შესაძლოა, არ იცოდეთ.

  • „მანჩესტერ სიტი“ უეფამ მატჩის ნომინალურ მასპინძლად თებერვალში აირჩია. ორივე გუნდს უფლება აქვს საშინაო ფორმით ითამაშოს. მაგრამ თუ მასპინძელმა დაიჟინა, „ჩელსის“ ალტერნატიული ეკიპირების მორგება მოუწევს. თუმცა, პრემიერლიგაში მათი ბოლო შეხვედრისას, ორივეს საშინაო ფორმა ეცვა.

  • „ჩელსის“ დამრიგებელი, ტომას ტუხელი, პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში ზედიზედ ორჯერ გავიდა სხვადასხვა გუნდთან ერთად. შარშან ის „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოხვდა ფინალში, წლეულს კი „ჩელსისთან“ ერთად.

  • ტუხელი არც ღვინოს სვამს, არც ლუდს. ხშირად ამბობს ხოლმე: ჩემი ალკოჰოლთან ურთიერთობა ნულის ტოლიაო. თუმცა, აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემთხვევში, შეიძლება ერთი ჭიქა შამპანური ან ჯინ-ტონიკი დააგემოვნოს. ასევე, ის ვეგეტარიანელობას ცდილობს. თუმცა, გარკვეულ დღეებში ამ წესსაც არღვევს: „მოგების შემდეგ სხვა განზომილებაში ვხვდები. შეიძლება მივირთვა სტეიკი, შოკოლადი, არაქისი, ჩიფსი. ფასტ ფუდს საერთოდ არ ვეკარები. რაღაც განასაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ჰამბურგერი გავსინჯო.

  • გვარდიოლა მიჩვეულია ნაირგვარ გამარჯვებებს და მოლხენაც არ ეშლება. რამდენიმე დღის წინათ, როცა „სიტი“ პრემიერლიგის მორიგ ჩემპიონობას ზეიმობდა, ის გრძელ სიგარას ეწეოდა, კლუბის საყვარელი ჯგუფის, „ოაზისის“ ცნობილ სიმღერას, Don’t Look Back in Anger-ს მღეროდა. მაგიდა კი ლუდისა და შამპანურის ბოთლებით იყო სავსე: „დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, ღამე კი 15 ცალი პიცა მოიტანეს, ეს საღამოს საუკეთესო მომენტი იყო, თუმცა ვერაფრით ვხვდებოდი, რომელი ამერჩია.“ - ყვება გვარდიოლა.

  • „მანჩესტერ სიტი“ ევროთასის ფინალში 51 წლის შემდეგ გავიდა, რაც ერთი გუნდისთვის ევროფინალებს შორის ყველაზე დიდი ინტერვალია. 1970 წელს „ქალაქელებმა“ თასების თასის გადამწყვეტ მატჩში პოლონურ ზაბრჟეს „გურნიკს“ 2:1 მოუგეს.

  • „ჩელსის“ სასტუმროში, რომელიც პორტუს ნავსადგურთან მდებარეობს, ცხოვრობს ქორი, სახელად ლუციფერი. ფრინველი სპეციალურადაა გაწვრთნილი, რათა ტერასაზე მტრედები გარეკოს, სასტუმროს სტუმრებს გემრიელი კერძების დაგემოვნებისას ხელი რომ არ შეეშალოთ.

  • ამერიკელი დი ჯეი მარშმელო, რომელიც საკუთარი ანონიმურობის დასაცავად ყოველთვის ნიღბით იმოსება, ფინალური მატჩის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, გახსნის მცირე ცერემონიალს მოაწყობს, სელენა გომესთან და ხალიდთან ერთად.

  • ფინალში ერთმანეთს ინგლისური გუნდები „სიტი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან. ეს მესამე შემთხვევაა როცა ინგლისური კლუბები შეეცილებიან ერთმანეთს „ყურშას.“ მანამდე ასეთი რამ 2008 („ჩელსი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“) და 2019 („ლივერპული“ – „ტოტენჰემი“) წლებში მოხდა. ასევე სამჯერ შეხვედრიან ფინალში ერთმანეთს ესპანური კლუბები: „რეალი“ და „ვალენსია“ 2000 წელს და ორჯერ თანაქალაქელი „რეალი“ და „ატლეტიკო“ - 2014 და 2016 წლებში.
0.118399