ფეხბურთი

0:21 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "გათავისუფლება ჩემთვის მოულოდნელი იყო, ახალ გამოწვევებს ველოდები"

"იუვენტუსიდან" გათავისუფლების შემდეგ ანდრეა პირლომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. 42 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, რომელმაც სადებიუტო სეზონში ორი ტიტული მოიგო, აღნიშნა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას აგრძელებს და ახალ გამოწვევებს ელოდება.

„მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი სეზონი დასრულდა. ეს იყო ინტენსიური, რთული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერი წელი. როდესაც „იუვენტუსმა“ დამირეკა, არ მიფიქრია იმ რისკებზე, რომლის წინაშეც ვიდგებოდი, თუმცა ეს საკმაოდ აშკარა იყო. ამ მაისურის პატივისცემისთვის და თამაშში უმაღლეს დონეზე ჩართვის სურვილმა პროექტისთვის, რომელიც შემოთავაზებული იყო, ეს ნაბიჯი გადამადგმევინა.

უკან რომ დავბრუნდე, ზუსტად იგივე არჩევანს გავაკეთებდი, თუმცა ცნობილი იყო ყველა დაბრკოლება, რომელიც მე დამხვდა, ყველასთვის ასეთ რთულ პერიოდში, რაც ხელს უშლიდა უკეთ განმეხორციელებინა ჩემი განზრახვები და ჩემი თამაშის სტილი, მაგრამ მივაღწიე მიზნებს, რომელიც დამისახეს.

ამ თავგადასავალმა, მოულოდნელი დასასრულის მიუხედავად უფრო ნათლად წარმოაჩინა თუ რა მსურს მომავალში, რაც იმედი მაქვს, რომ ისეთი სრულყოფილი და კმაყოფილებით სავსე იქნება, როგორიც საფეხბურთო კარიერა მქონდა და მაშინ განვიცადე. დროა თამაშში დავბრუნდეთ და ახალ გამოწვევებს შევხვდეთ. თუმცა, მადლობა მინდა გადავუხადო „იუვენტუსის“ ოჯახს და ყველას ვინც ამ სეზონში ჩემთან ახლოს იყო“, – დაწერა პირლომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ანდრეა პირლომ „იუვენტუსი“ ისე ჩაიბარა, რომ არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონია. უფრო მეტიც: ის 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინეს, მაგრამ რამდენიმე დღეში მთავარ გუნდში გამოცდილების გარეშე დააწინაურეს.

მისი ხელმძღვანელობით ტურინულმა გრანდმა 52 მატჩიდან 34 მოიგო, 8 წააგო და 10-ჯერ ფრეს დასჯერდა. მოიგო ორი ტიტული - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. მაგრამ, გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გავარდნა და სერია A-ში მხოლოდ მეოთხე ადგილი გამოდგა.

0.11717