ფეხბურთი

19:22 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერის ალბათობა 95%-ია: აგენტის კონფლიქტი და ხვიჩას შემცვლელი "რუბინში"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ წასვლის თემა აქტიურ ფაზაში შედის. რუსული მედია წერს, რომ მისი ტრანსფერის ალბათობა 95%-ია და ეს ამბავი ივლისის შუა რიცხვებში უნდა მოხდეს.

Championat-მა გაავრცელა ცნობა, რომ „რუბინი“ – „როტორის“ მატჩის შემდეგ ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და „რუბინის“ ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი წარმოიშვა და აგენტი ფეხბურთელის კლუბიდან წაყვანას აპირებს. თუმცა, ეს ცნობა, ყაზანელთა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ მაშინვე უარყო.

„ეს უბრალოდ სისულელეა. მამუკას და საიმანოვს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ეს ისეთი სისულელეა, კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, როგორც ხვიჩასთან, ისე მამუკასთან. ამიტომ, უბრალოდ სისულელე იქნება ასეთ რამეზე რეაგირება“, - თქვა იაროვინსკიმ.

მიუხედავად ამისა, რუსული მედია დარწმუნებულია, რომ შვებულების შემდეგ ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება და მისი გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. ამას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდმა დღეს 22 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელის, სეად ჰაკშაბანოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, რომელიც სწორედ შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. რუსები წერენ, რომ მონტენეგროელი ქართველის შემცვლელად 6 მილიონ ევროდ შეიძინეს, ხოლო ხვიჩას ტრანსფერისგან „რუბინი“ გაცილებით მეტი მოგების ნახვას აპირებს. ევროპაში ჩვენებურის გაყიდვის შესახებ ხმები იმავე იაროვინსკიმ არ უარყო:

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დანარჩენი საიდუმლოა. უფრო მეტიც, სხვადასხვა კლუბთან საუბარი სხვადასხვა ეტაპზეა. ახლა ყველაფერი უფრო და უფრო კონკრეტულ ფაზაში შედის“, - თქვა ყაზანელთა სპორტულმა დირექტორმა.

ხვიჩა კვარაცხელიას უკვე კარგა ხანია რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მათ შორის, „იუვენტუსს“, „სევილიას“, „ლიდსს“, „მილანსა“ და „ევერტონს“. ქართველი ფეხბურთელი „რუბინს“ კონტრაქტით 2024 წლამდე ეკუთვნის. ის ზედიზედ ორჯერ დასახელდა რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

0.121485