ჩოგბურთი

2:15 | 27.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარეს ნავარომ კიბო მოირჩინა და როლან გაროსზე ითამაშებს

მსოფლიოს ყოფილმა მეექვსე ჩოგანმა, ესპანელმა კარლა სუარეს ნავარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებს. და ეს მოხდება ერთი თვის შემდეგ, რაც მან გამოაცხადა, რომ წარმატებით დაასრულა კიბოს მკურნალობა.

32 წლის ესპანელმა სექტემბერში გამოაცხადა, რომ ჰოჯკინსის ლიმფომის ადრეული სტადია გამოუვლინდა, რისთვისაც მკურნალობის ექვსთვიანი კურსის გავლა იყო საჭირო.

„წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ როლან გაროსზე თამაშის საშუალება მექნება. ბოლო რამდენიმე თვე დაუღალავად ვმუშაობდი იმისთვის, რომ პარიზში კიდევ ერთხელ მეთამაშა. ერთი სული მაქვს, როდის გამოვალ კორტზე და შევიგრძნობ აქაურ ატმოსფეროს. ეს ტურნირი ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იყო“, - ამბობს სუარეს ნავარო.

ესპანელ ჩოგბურთელს ამჟამად რეიტინგში 118-ე ადგილი უკავია. მან ვარჯიში დეკემბერში განაახლა, რა დროსაც მკურნალობა ჯერ დასრულებული არ ჰქონდა. სუარეს ნავარომ 2019 წლის ბოლოს გამოაცხადა, რომ მომდევნო სეზონის ბოლოს, კარიერის დასრულებას გეგმავდა. მაგრამ იმის გამო, რომ პანდემიამ და ჯანმრთელობის პრობლემებმა, გასული სეზონი ჩაუგდო, წასვლა ერთ წლით გადადო.

სუარეს ნავაროს ორჯერ აქვს ნათამაშები როლან გაროსის მეოთხედფინალში. ქალთა ჩოგბურთში მას ერთ-ერთი საუკეთესო ბექჰენდი (ხელუკუღმ დარტყმა) აქვს. ის აშშ-ის შარშანდლ ღია პირველობაზე გამოსვლასაც გეგმავდა, მაგრამ დიაგნოზის გამო, ტურნირიდან მის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოეხსნა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი თავისი ავადმყოფობის შესახებ გამოაცხადა.

„ჩოგბურთმა ბევრი რამ მომცა. და მე ყოველთვის მსურდა, რომ სპორტს კორტზე მყოფი დავმშვიდობებოდი. როლან გაროსმა ჩემ კარიერაში საუკეთესო მომენტები მაჩუქა. ჩემი პირველი კარგი შედეგები აქ მქონდა. და მე მიხარია, რომ აქ ისევ ვითამაშებ“, - ამბობს ჩოგბურთელი.

0.105808