ანტონიო კონტემ „ინტერი“ დატოვა. ინფორმაცია იტალიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე წავიდა.
მას ხელშეკრულებით ბოლო სეზონში 13 მილიონი ევრო უნდა მიეღო, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპენსაციის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. ამრიგად, „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.
კონტე კლუბის ხელმძღვანელობას გეგმებზე ვერ შეუთანხმდა. „ნერაძურიში“ ფინანსური კრიზისია, რის გამოც გუნდის ლიდერების გაყიდვა და ხელფასების შემცირება იგეგმება, სწორედ ამიტომ, ანტონიომ წასვლა გადაწყვიტა.
ანტონიო კონტე „ინტერს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდს 11-წლიანი პაუზის მერე სკუდეტო მოაგებინა, ხოლო შარშან ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. 51 წლის სპეციალისტს „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებსა და „ჩელსიში“ უმუშავია.
„ინტერში“ ახლა აქტიურად განიხილება სიმონე ინძაგისა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურები, ხოლო კონტე მადრიდის „რეალს“ დაუკავშირეს.