საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგრადის ღია პირველობის მეორე წრეში სლოვაკ ანდრეი მარტინთან 1:6, 6:4, 6:7 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ჯამში 17 ბრეიკი დაფიქსირდა, საიდანაც ნიკოლოზმა მეტოქე რვაჯერ დააბრეიკა. მატჩში 30 გეიმი გათამაშდა და აქედან მეტოქეებმა თავიანთი მოწოდება მხოლოდ 13 შემთხვევაში მოიგეს. არასტაბილურ თამაშში კი საუკეთესო მარტინი აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო სეტის ტაი ბრეიკზე ნიკოლოზისგან განსხვავებით მოთმინებით ითამაშა, მეტოქის შეცდომებს დაელოდა და მესამე წრის საგზურიც მოიპოვა.
განვლილ შეხვედრაში ნიკოლოზმა 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ჩაწოდებას 41 პროცენტიანი სიზუსტით ასრულებდა, რაც ძალიან ცუდი შედეგია. მართალია მესამე სეტში ნიკა 2:5-ს აგებდა და ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, თუმცა ამან მეტოქე ვერ გატეხა და საბოლოოდ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის მოგების შემდეგ ზედიზედ მესამე ტურნირს გამოეთიშა პირველივე შეხვედრის ჩატარების შემდეგ.
ბასილაშვილს გრუნტის საფარზე მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდება - 30 მაისიდან სტარტს აიღებს საფრანგეთის ღია პირველობა, სადაც ქართველიც მიიღებს მონაწილეობას.