მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ოთხთა ფინალის წინ ესპანურ გამოცემა Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან კლუბში გატარებულ პირველ სეზონზე, მთავარ მწვრთნელ დმიტრი იტუდისზე და ევროლიგის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ ჩვენ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო. მილუტინოვის ტრავმისა და ჯეიმსის წასვლის შემდეგ ძალიან რთული იყო, ზოგჯერ სავარჯიშოდ საკმარისი კალათბურთელებიც არ გვყავდა, მაგრამ ვიბრძოლეთ და ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ. მეორე ადგილზე დავასრულეთ რეგულარული სეზონი, მაგრამ მთავარი ახლა იწყება. ეს არის ის, რასაც მეტ-ნაკლებად ველოდი, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ცსკა-სთან კონტრაქტი გავაფორმე იყო ევროლიგის ოთხთა ფინალი და VTB ლიგის მოგება.
„ეფესი“ შესანიშნავი გუნდია, სეზონის განმავლობაში ეს ბევრჯერ დაამტკიცა და რომ ყველას შეუძლია აჯობოს. ძალიან საინტერესო თამაში იქნება, რადგან რეგულარულ სეზონში ერთხელ მოვიგეთ და ერთხელ წავაგეთ. ოთხთა ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გქონდეს შთამბეჭდავი თამაში ან პირიქით, მაგრამ იქ ყოფნა ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. არ ვაპირებ მაიკ ჯეიმსის წასვლაზე ბევრი ვისაუბრო, ეს არ იყო ადვილი, რთული სიტუაცია გახლდათ, მაგრამ ყველა დაბრკოლება მოტივაციად გამოვიყენეთ, რათა უფრო მეტად გავერთიანებულიყავით და გავძლიერებულიყავით.
იტუდისი? მასზე ბევრის თქმა საჭირო არ არის, მისი რეზიუმე ყველაფერს ამბობს. ის არის მოტივატორი მწვრთნელი, ყოველთვის ცდილობს დაგეხმაროს, კალათბურთის შესახებ ბევრი რამ იცის“, - თქვა შენგელიამ.
შეგახსენებთ, ცსკა თურქულ „ანადოლუ ეფესს“ 28 მაისს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში „მილანი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან, ფინალი კი 30 მაისსა დაგეგმილი. თორნიკე შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ თამაშში 24:50 წუთში 11.1 ქულას, 4.8 მოხსნას, 2.3 პასს, 1.1 ჩაჭრასა და 0.2 დაფარებას აგროვებს.