ავტოსპორტი

17:40 | 24.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერსედესმა ბოტასის მანქანას ბორბალი ვერც რბოლის შემდეგ მოხსნა

„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ვალტერი ბოტასის მანქანას წინა მარჯვენა ბორბალი, რომლის გაჭედვის გამოც, ფინელი პილოტი მონაკოს რბოლას გამოეთიშა, გუნდის პერსონალმა ვერც რბოლის შემდეგ მოხსნა.

გერმანული გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა ჯეიმს ელისონმა განაცხადა, რომ მონაკოს ტრეკის ბოქსში ბორბლის მოხსნა შეუძლებელი გახდა, რის გამოც, მას გუნდის ბაზაზე მანქანასთან ერთად გაგზავნიან და მოხსნას იქ ეცდებიან.

„ბორბლის მოხსნა ვერ შევძელით. იძულებული ვიქნებით, ქანჩი უხეშად მოვჭრათ, რასაც საქარმოში გავაკეთებთ“, - ამბობს ელისონი.

მომხდარმა ბოტასი ძლიერ გაწბილებული დატოვა. ბოქსში შესვლის მომენტში, ის მეორე ადგილზე იყო. მაგრამ პიტ სტოპიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. „თავიდან ვიფიქრე, ჯანდაბას, ნელი პიტ სტოპი გამოგვივა. მერე გავიფიქრე, რომ საინსი გამასწრებდა. მერე ნორისიც, ან ვინმე, ვინც უკან იყო. მაგრამ მერე 30 წამი ან მეტიც გავიდა. ამის დაჯერებაც არ მინდოდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაწბილებული ვარ. მსგავსი რამ აღარ უნდა მოხდეს“, - ამბობს ბოტასი.

გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მსგავს რამეს ადრე არასდროს შესწრებია. მექანიკოსის პნევმატურმა ქანჩგასაღებმა ქანჩის წახნაგები მოწყვიტა. „ვალტერიმ თქვა, რომ დაინახა, როგორ იფანტებოდა ბორბალთან ალუმინის ნამცეცები. ქანჩგასაღების კონსტრუქცია ჩვენ ერთ-ერთი სისუსტეა ამ სეზონში, მაგრამ ის ჯერ არ შეგვიცვლია. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ მომხდარის მიზეზს და ნკლს აღმოვფხვრით. ასეთი არაფერი მინახავს. ქანჩი ადგილზე აღარ იყო, მაგრამ ბორბლის მოცილება მაინც ვერ შევძელით“, - ყვება ვოლფი და დასძენს, რომ ბოტასს პიტ სტოპზე პრობლემები წინა რბოლებშიც ჰქონდა. „როგორც ჩანს, ვიღაცამ დათარსა“, - ამბობს ვოლფი.

0.399233