ფეხბურთი

20:43 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "დინამო ბათუმის" დაუმარცხებელი სერია დაასრულა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური საგურამოში დაიწყო, სადაც თბილისის "ლოკომოტივმა" "დინამო ბათუმს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივიც გამოდგა. გოლიც სწრაფად გავიდა, მესამე წუთზე. ვლადიმერ მამუჩაშვილმა მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გოლად აქცია და ბათუმელები წინ გავიდნენ.

ამის შემდეგ უპირატესობას "ლოკომოტივი" დაეუფლა და რომ არა ლაზარე კუპატაძე ანგარიში მალევე გათანაბრდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო და ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე წონასწორობა აღდგა. თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა, სეზონში მეოთხედ და "დინამო ბათუმს" როგორც პირველ წრეში, ახლაც გაუტანა.

მეორე ტაიმშიც ბევრი საგოლე შანსი იყო. საწყის 15 წუთში ორივე გუნდს ორ-ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, გოლი 62-ე წუთზე გავიდა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. მეტოქის კარი ირაკლი სიხარულიძემ აიღო, რომელმაც ვარდნაში ახლო მანძილიდან ყველას დაასწრო და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მოაგებინა.

"ლოკომოტივმა" ზედიზედ მესამედ იმარჯვა, 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აინაცვლა, ხოლო "დინამო ბათუმი" ზედიზედ ოთხი მოგების მერე დამარცხდა და 31 ქულა დარჩა. ახლა საქართველოს ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა და გუნდები მომდევნო მატჩს 10 ივნისს ჩაატარებენ, "დინამო ბათუმი" "თელავთან" და "ლოკომოტივი" "სამგურალთან".

"ლოკომოტივი" - "დინამო ბათუმი" 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 მამუჩაშვილი (3, პენ), 1:1 კაშია (35), 2:1 სიხარულიძე (62)

0.112794