ავტოსპორტი

2:01 | 23.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერის მანქანაზე კოლოფი დაზიანებას გადარჩა

„ფერარის“ მიერ შარლ ლეკლერის მანქანის პირველადმა გამოკვლევამ, სერიოზული დაზიანება ვერ აღმოაჩინა. შესაბამისად, 23 წლის მონაკოელი მრბოლი სტარტზე პოულ პოზიციას დაიკავებს, რომელიც დღეს, საკვალიფიკაციო რბოლის მოგებით მოიპოვა.

საუკეთესო დროის დაფიქსირების შემდეგ, კვალიფიკაციის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ლეკლერი წინ მარჯვენა ბორბლით ზღუდეს შეეჯახა. ამის გამო, რბოლა შეწყდა და ტრასაზე მყოფ მრბოლებს, საბოლოო სწრაფი წრის დაფიქსირების საშუალება აღარ მიეცათ.

შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო, რის გამოც, „ფერარიში“ შიშობდნენ, რომ მანქანაზე გადაცემათა კოლოფი იქნებოდა შესაცვლელი. ამ შემთხვევაში, ლეკლერს ჯარიმის სახით, სტარტზე ხუთი პოზიციით უკან დაწევა მოუწევდა. მოწინავე პოზიციას კი მაქს ფერსტაპენი დაიკავებდა.

„ფერარის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუნდი მანქანას რბოლამდე ისევ შეამოწმებს და საბოლოოდ მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, შეცვლიან თუ არა კოლოფს. როგორც გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, გადაწყვეტილების მიღებისას, პრიორიტეტული ფაქტორი მანქანის საიმედობა იქნება.

„ჩვენ არ ვთამაშობთ. კვალიფიკაციაში მომხდარის შემდეგ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვებაა. და იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, პირველ რიგში, რბოლა უნდა დავასრულოთ. ამიტომ, პრიორიტეტი მანქანის საიმედობაა. თუ რაიმე ეჭვი გაგვიჩნდება, ჩვენ აუცილებლად შევცვლით კოლოფს“, - ამბობს ბინოტო.

ლეკლერისთვის ეს პირველი პოულია მონაკოში და მერვე კარიერაში. ბოლო მონაკოელი, ვინც საშინაო რბოლა პოულიდან დაიწყო, ლუი შირონია, რომელმაც ეს შორეულ 1936 წელს შეძლო. ოღონდ, მაშინ ფორმულა 1 ჯერაც არ არსებობდა.

0.117155