სამხტომში მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ამერიკელი კრისტიან ტეილორი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ზაფხულის თამაშების დაწყებამდე ორი თვით ადრე, მას აქილევსის მყესი გაუწყდა. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, დარჩენილი დრო საკმარისი არაა იმისთვის, რომ ტეილორმა ოლიმპიადისთვის მომზადება მოასწროს.
ტეილორმა ოლიმპიური ოქროს მედლები ლონდონის (2012 წელს) და რიოს (2016 წელს) თამაშებზე მოიპოვა. მან ტრავმა ოსტრავაში (ჩეხეთი) ასპარეზობისას, ოთხშაბათს მიიღო.
„მას მარჯვენა ფეხის აქილევსის მყესი დაუზიანდა. მყესი სრულად არის გაწყვეტილი. ჩვენ ის გერმანიაში წავიყვანეთ, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციისას, მყესის სრული აღდგენა მოხერხდა“, - ამბობს ტეილორის მწვრთნელი რანა რეიდერი.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა 30 წლის ტეილორი წელსვე დაბრუნებას, რეიდერმა მოკლედ უპასუხა: „არ მგონია, ასე მოხდეს“.
ტოკიოს ოლიმპიადა სტარტს 23 ივლისს აიღებს.