"იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა "მონცაში" გადავიდეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 43 წლის კარის დარაჯს ლომბარდიული კლუბის გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი დაუკავშირდა.
"მონცა" ამბიციური კლუბია, რომელსაც მეორე წელია სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობენ. გასულ სეზონში ლომბარდიელები სერია B-ში აღზევდნენ, ახლა კი სერია A-მდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და პლეი-ოფში "ჩიტადელასთან" ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს.
ბუფონი გალიანის წინადადებას თუ მიიღებს, მომდევნო სეზონის გატარება სერია B-ში მოუწევს. თუმცა, ცნობილია, რომ ჯიჯის სხვა წინადადებებიც აქვს და არამხოლოდ "მონცაში" იწვევენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსში" 2001 წლიდან დღემდე 685 მატჩი ჩაატარა და კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.