ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება და ის კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს. მან თქვა კიდეც, რომ რამდენიმე წინადადება აქვს, რომელთაც განიხილავს.
იტალიური მედიის ცნობით, ჯიჯის ამჟამად ყველაზე რეალური შეთავაზებები სამი კლუბისგან აქვს, საიდანაც ორი იტალიურია - "ატალანტა" და "ჯენოა", ხოლო მესამე პორტუგალიური "პორტუ".
"ატალანტა" ბუფონს გასულ ზაფხულსაც იწვევდა, ბერგამოელებს მეკარის პრობლემა აქვთ და ჯან პიერო გასპერინის ჯიჯის დამატება ძალიან უნდა. "ჯენოა" ბუფონის ბავშვობის საყვარელი კლუბია და წლების წინ თქვა, რომ კარიერის ბოლოს ერთი სეზონი გენუურ გუნდში უფასოდაც ითამაშებდა. რაც შეეხება "პორტუს", "დრაკონებს" იკერ კასილიასის შემთხვევაში კარგი გამოცდილება აქვთ და ახლა შესაძლოა ჯიჯი დაიმატონ.
43 წლის ბუფონი ასაკის მიუხედავად კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა. როდესაც ის მინდორზე იყო, "იუვენტუსი" არ დამარცხებულა (12 მოგება, 2 ფრე). მთლიანობაში ტურინულ გრანდში ბუფონის ანგარიშზე 685 თამაშია.