ფეხბურთი

18:02 | 20.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "მე ახლაც ძლიერი მეკარე ვარ და ველოდები, ჩემზე მეტად შეშლილისგან წინადადებას"
"შეიძლება 2022 წლის მუნდიალზეც ვითამაშო, მაგრამ საჩუქრად არაფერი მინდა"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კლუბს ტოვებს, მაგრამ კარიერას დიდი ალბათობით არ დაასრულებს. მეტიც, ის არ გამორიცხავს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშს და აღნიშნა, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ ფორმაში იქნება.

ჯიჯის რამდენიმე შეთავაზება აქვს, რომელთაც განიხილავს. მისი თქმით, ელოდება მასზე უფრო გიჟს, რომ წინადადებას დათანხდეს.

„ასეთი დასასრული ჩემთვის საამაყოა. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბევრი თავგადასავალი გამოვიარე და ეს ნამდვილად იყო ტორტზე ალუბალი. „იუვეს“ მთელი სამყარო ჩემი ცხოვრების ნაწილია და ეს დასასრული არაფერს შეცვლის ვფიქრობ, ბევრი სიყვარული, პროფესიონალიზმი, სითამამე დავუთმე და ამით ვამაყობ. ბოლოს ყველაფერი სრულდება, 43 წლის ვარ და 43 წლის ასაკში უნდა გააკეთო არჩევანი, რომელიც შეიძლება არაპოპულარული და უცნაური ჩანდეს. თუ 43 წლამდე მოვედი, ეს იმის დამსახურებაა, რომ მცირე სიგიჟემ მომცა საშუალება ჩემი თავი არ შემეზღუდა. ბედნიერი ვარ, როცა ვოცნებობ და ახალი ოცნებებით და პროექტებით შემიძლია საზრდოობა. შეიძლება ვიფიქრო კარიერის დასრულებაზეც, რადგან უკვე ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ არსებობს ვინმე ჩემზე გიჟი, ვინც დამიკავშირდება და მაიძულებს რაღაც გრანდიოზული წარმოვიდგინო, მას გავყვები, რადგან ეს არის ცხოვრება.

ცხოვრება ბოლომდე ენთუზიაზმით და გაოცების სურვილით გრძელდება. ახლაც, სანამ ვფიქრობ, რომ მაღალი დონის მეკარე ვარ, საკუთარ თავს ლიმიტს არ ვუწესებ, გავაგრძელებ თუ სტიმულს ვიპოვი, წინააღმდეგ შემთხვევაში უპრობლემოდ დავასრულებ კარიერას.

ამ პერიოდში ბევრი დამიკავშირდა და ვაანალიზებ მიღებულ წინადადებებს. რომელსაც ყველაზე მეტად მოტივაციურ წინადადებად ჩავთვლი და როდესაც ჩემზე გიჟს ვიპოვი, მას გავყვები. კვლავ თავს ძლიერად ვგრძნობ, თუ აღმოვაჩინე სიტუაცია, რომელიც მომწონს და სტიმულს მომცემს, ვითამაშებ. ვფიქრობ, რომ ისევ ძალიან ძლიერი მეკარე ვარ.

მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი? ვნახოთ როგორი ვიქნები 2022 წლის ნოემბერში. ჩემი სიამაყის გამო არ ველოდები და არც საჩუქრად მსურს რაიმე. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საიმედო მეკარე ვარ, კარგი, თორემ სახლში დავრჩები. მინდა, რომ 2022 წლამდე მივიდე, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი ვარ, მერე კი თუ არ დამირეკავენ, გავიგებ, რადგან ყველა მწვრთნელს თავისი გუნდი ჰყავს“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა "იუვენტუსში" 685 თამაში ჩაატარა და ამ შედეგით მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს ჩამორჩება (705). მიმდინარე სეზონშ 43 წლის მეკარე მოედანზე 14-ჯერ გავიდა და ამ მატჩებში ტურინული გრანდი არ დამარცხებულა - 12 მოგება და 2 ფრე!

0.119338