ავტოსპორტი

21:31 | 19.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნორისმა და „მაკლარენმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ბრიტანელმა მრბოლმა ლანდო ნორისმა და „მაკლარენმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს. გუნდის განცხადებით, ახალი კონტრაქტი მრავალწლიანია, თუმცა კონკრეტული რიცხვი დასახელებული არაა. ამგვარად, ამჟამად უოკინგელებს ორივე მრბოლთან მრავალწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ.

ფორმულა 1-ში ნორისის დებიუტი 2019 წელს შედგა. მას შემდეგ მან ორჯერ (ერთხელ ამ სეზონში, ემილია-რომანიას რბოლაში) შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ფ1-ში მოსვლამდე, ნორისი „მაკლარენის“ ახალგაზრდა პილოტების განვიტარების პროგრამის წევრი იყო.

„უკვე ხუთი წელია, გუნდთან ერთად ვარ და თავს ამ ოჯახის წევრად ვგრძნობ. ვერ წარმომიდგენია, ჩემი კარიერის შემდეგი ეტაპის სხვაგან დაწყება. ჯერ კიდევ იუნიორთა სერიებში გამოსვლებიდან, მაკლარენისგან უზარმაზარი მხარდაჭერა მქონდა და ამ პერიოდში, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე“, - ამბობს 21 წლის ნორისი.

გუნდის შეფი ანდრეას ზიდლი ამბობს, რომ ნრისთან კონტრაქტის გაგრძელების გადაწყვეტილება გუნდს არ გასჭირვებია: „ლანდომ პირველივე სეზონიდან, თავისი შესაძლებლობებით გაგვაოცა. და აშკარაა, რომ როგორც პილოტი, ის სულ უფრო ვითარდება. ის გუნდის მოწინავეთა შორის დაბრუნების გეგმის განუყოფელი ნაწილია. ბოლო ერთ წელიწადში მის მიერ ნაჩვენები შედეგები მოწმობს, რომ ტრეკზე ანგარიშგასაწევი ძალაა“.

0.125994