საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ვილი სანიოლმა უკვე შემადგენლობაც დაასახელა. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა. სხვათა შორის, ვილიმ საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში პირველივე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ყოველი სანაკრებო სიის შემდეგ გამართავდა პრესკონფერენციას და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებდა.
ფრანგმა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრების განაცხადზე, ფეხბურთელებზე და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სანიოლი ამიერიდან ასისტენტთან ერთად მუდმივად თბილისში იცხოვრებს:
„შესარჩევი ეტაპის საწყის სამ შეხვედრაში შესაძლებელი იყო მეტი ქულის მოპოვება, თუმცა, ამ თამაშებიდან დავინახეთ, რომ წინ ნაბიჯები კიდევ გადასდგმელი გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებული შედეგისგან შორს არ ვართ. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ გუნდურად, ყველამ ერთად, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, რომელიც მარტში ვაჩვენეთ და გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან თამაში. ბათუმში საშინაო თამაშები? ვიყავი ბათუმში და მართლაც შესანიშნავი სტადიონია არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი. განსხვავდება დიდი და პატარა სტადიონი, მაგრამ მთავარი ქომაგების მხარდაჭერაა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, კოსოვოსთან განსაკუთრებული გარემო იქნება, მაგრამ მანამდე მხოლოდ ამხანაგურ მატჩებზე ვფიქრობთ, რომელსაც რუმინეთთან და ნიდერლანდებთან გავმართათ.
სერგო კუხიანიძე? ნამდვილად განსხვავდება იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც ამ პოზიციაზე განიხილებიან. გამოვიძახეთ, რათა დავინახოთ, რაში შეიძლება მოუმატოს და მივცეთ შანსი. არ აქვს მნიშვნელობა 3-4 წლის წინ ვინ როგორ თამაშობდა, მთავარია, დღევანდელი დღე და მზად ვარ ნაკრებში შანსი ყველას მივცე, ვინც იმსახურებს. საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, მას კარგი უნარები და რესურსი აქვს, მაგრამ ზოგადად, ნაკრებში ფეხბურთელი 100%-ით მზად უნდა ჩამოდიოდეს და ბოლომდე იხარჯებოდეს. ვფიქრობ, რომ მან ეს წინა შეკრებაზე გააკეთა, მაგრამ ფიზიკურად არ იყო იდეალურ ფორმაში და თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური კონდიციების გარეშე თამაში ძნელია. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და ეს ძალიან კარგია კონკურენციისთვის.
დიახ, ამიერიდან თბილისში ვიცხოვრებ და მხოლოდ ნაკრების მატჩებისთვის არ ჩამოვალ. ეს გადაწყვეტილება ასისტენტთან ერთად მივიღე და აქ ვიცხოვრებთ, რადგან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ უკეთ გავიცნო ქვეყანა, ხალხი და აქაური კულტურა.
საქართველოს ეროვნულ ლიგაზე მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ ამ ფორმატში საუბარი ძნელია. მე მზად ვარ, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, კლუბში მომუშავე ხალხთან დიალოგისთვის და ვფიქრობ ეს შესაძლებელი იქნება. თანამედროვე ფეხბურთში ფიტნესი და ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მომდევნო წლებში ამ მხრივ ვითარება უკეთესოსკენ შეიძლება. მზად ვარ, დავეხმარო მათ, გავიაროთ კონსულტაციები და პრობლემები გარკვეულწილად მოგვარდეს.
ხვიჩა კვარაცხელიას საინტერესო სეზონი ჰქონდა, რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაუცდა, მაგრამ სერიოზული დაზიანება არ იყო და სანაკრებო მატჩებისთვის ჩვენთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება. გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით განსხვვებული სიტუაციაა, მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, სარებილიტაციო კურსი დაასრულოს და შემდეგ აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად. კანკავას მცირე ტრავმა აქვს და არ გვსურდა გაგვერისკა, რადგან სექტემბრის თამაშებში აუცილებლად გვჭირდება. მის არყოფნაში გუნდს გურამ კაშია უკაპიტნებს, რადგან მარტში დავინახე, რომ გუნდს ორი ძალიან კარგი ლიდერ ჰყავს ჯაბას ადა გურამის სახით, მაგრამ არ ვიცი ითამაშებს თუ არა კაშია ორივე ამხანაგურ შეხვედრაში.
გიორგი ქოჩორაშვილი არის ჩვენს თვალთახედვის არეში, ვაკვირდებით, კარგ ლიგაშია, მაგრამ მცირე სათამაშო დრო აქვს, „ლევანტეს“ მეორე გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის კი დიდი სხვაობაა. იმედია, უფრო მეტ დრო მიიღებს, აქვს ამის პოტენციალი ნიჭიერი ფეხბურთელია და მასაც მიეცემა შანსი. ვნახე ლადო მამუჩაშვილის თამაშებიც, ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია ახალგაზრდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ეტაპზე მისთვის ნაკრებში გამოძახება ნაადრევი იქნებოდა. გიორგი ბერიძემ მარტში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ, ახლა მსურდა ამხანაგურ მატჩებში სხვა ფეხბურთელები მენახა და მხოლოდამიტომ არ გამოვიძახე, ის კარგი ფეხბურთელია და შეგვიძლია მომავალში მისი იმედი გვქონდეს.
გიორგი მაკარიძე იმიტიმ არ არის, რომ მას და კლუბს დიდი გამოწვევა აქვთ, პლეი-ოფში უნდა ითამაშონ და ახლა ამაზეა კონცენტრირებული, ამიტომ, ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოვიძახეთ. ძალიან კარგი მეკარეა კუპატაძე, საინტერესო და თავდაჯერებული. მას აქამდე არ უთამაშია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის რუმინეთთან ითამაშებს, ხოლო მეორე თამაშში ლორია და ან მამარდაშვილი. ნაკრებში დამატებითი სია არ გვაქვს, ყველა ფეხბურთელი გვაინტერესებს, ვინც თავს გამოიჩენს და შეუძლია ნაკრებში თამაში. თუმცა, ერთ-ერთი კრიტერიუმია ასაკი, რადგან ნაადრევ ასაკში, როდესაც ფეხბურთელი მზად არ არის ნაკრებისთვის, გამოძახება ხშირად უარყოფითად იასახება მოთამაშეზე და განვითარებაში ხელს უშლის. გია გრიგალავა? ის უკმაყოფილო იყო, რომ ესპანეთთან ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, სურვილი გამოთქვა, რომ წასულიყო და ამიტომ, აღარ იყო ჩვენთან საბერძნეთში. მიმაჩნია, რომ ყველასთვის მთავარი გუნდური წარმატება და ინტერესი უნდა იყოს.
მომდევნო მატჩებში შედეგიც მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მთავარი სექტემბრის შეხვედრებისთვის მომზადებაა, რადგან გვინდა ჯგუფში უფრო მეტი ქულა გვქონდეს და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა გაგვაჩნია. ფეხბურთელებმა მარტში კარგად წარმოაჩინეს საკუთარი ქვეყანა. ახლა არ მსურს ტაქტიკაზე საუბარი, თუმცა შანსი იმ ფეხბურთელებს მიეცემათ, რომელთაც ამის შესაძლებლობა მარტში არ ჰქონიათ, მაგალითად, კუხიანიძეს, დავითაშვილს. ივნისი არ არის იდეალური სათამაშოდ, რადგან ყველა ფეხბურთელს დამღლელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა სექტემბრის მატჩებისთვის კარგად მომზადებაა.
შეუძლია თუ არა კვარაცხელიას გრანდში ახლა თამაში? მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება თვითონ მისი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ ისეთ გუნდში უნდა ითამაშოს, სადაც ენდობიან, ექნება სათამაშო დრო, რომ განვითარდეს, რადგან ჯერ მხოლდო 20 წლისაა და მას თამაში სჭირდება პროგრესისთვის. არ ვიცი, დარჩება თუ არა „რუბინში“, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მინდა, რომ მოედანზე რაც შეიძლება მეტი წუთი გაატაროს, ძალიან ნიჭიერია და შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, მაგრამ ახლა განვითარებისთვის თამაში სჭირდება. ეს არის ჩემი სურვილები მასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ანანიძეს, რთულია ხანგრძლივი ტრავმიდან იდეალურ ფორმაში დაბრუნება, მაგრამ თუ ამას მოახერხებს, ჩვენ მზად ვართ, რადგან ეს მნიშვნელოვანია კონკურენციისთვისაც", - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს რუმინეთის, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანების ნაკრებს დაუპირისპირდება. სანიოლის შეგირდები ორივე თამაშს სტუმრად ჩაატარებენ.