საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, შვეიცარიელი სტან ვავრინკა, დიდი სლემის თიხნარის ტურნირს გამოტოვებს. როიტერსის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ ჩოგბურთელმა მარტში, ფეხზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.
36 წლის ვავრინკამ საფრანგეთის ღია პირველობა 2015 წელს მოიგო. მას მარტის შემდეგ არ უთამაშია. მას დიდი სლემის ტურნირებზე სამი ტიტული აქვს მოპოვებული. როლან გაროსის გარდა, 2014 წელს ავსტრალიის, 2016 წელს კი აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ამ წარმატებების ფონზე, ვავრინკა რეიტინგში მესამე ადგილზეც იმყოფებოდა.
შვეიცარიელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. „ფეხზე მცირე ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პარიზში თამაშს შეძლებდა. მაგრამ სრულად მომზადება ვერ მოასწრო“, - ამბობს ვავრინკას წარმომადგენელი.
როგორც ცნობილია, პანდემიის გამო, ATP-მ რეიტინგში ქულების დარიცხვის წესი დროებით შეცვალა. ამან ვავრინკას რეიტინგში 24-ე საფეხურზე დარჩენის საშუალება მისცა. ჩოგბურთელი ამჟამად მონაკოში იმყოფება და იქ ვარჯიშობს. წარმომადგენლის განცხადებით, ჩოგბურთელი ბალახის კორტების სეზონისთვის მზადებაზე გადაერთო, რომელიც ივნისში დაიწყება.