უკვე 16 წელია, იტალიის ღია პირველობის ტიტულისთვის, ძირითადად რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი იბრძვიან. დღემდე ფორო იტალიკოზე ესპანელს 9 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, სერბი კი ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. დღეს ნადალმა მეათე ტიტული დაისაკუთრა და მასტერსის სერიის ტიტულებით, ჯოკოვიჩს გაუტოლდა.
ნადალმა ფინალში ჯოკოვიჩი 7-5, 1-6, 6-3 დაამარცხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე, მთავარი ფავორიტი იქნება. რომის მასტერსის ფინალში მათი მეცხრე დაპირისპირება 2 საათი და 49 წუთი გაგრძელდა. ჯოკოვიჩი კორტზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვიდა, თუმცა ნადალმა ტიტული ჩამოართვა.
„გარკვეულ მომენტებში გამიმართლა, მაგრამ საერთო ჯამში, ტურნირი კარგად ჩავატარე. სულ უკეთ და უკეთ ვთამაშობდი. თიხნარზე ჩემი რიტმი ვიპოვნე. ძალიან პოზიტიური კვირა მქონდა და ამით კმაყოფილი ვარ. საოცარი გრძნობა დამეუფლა, როცა ეს თასი მეათედ ავწიე. ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ მე ეს შევძელი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ნადალმა.
ყველაზე დაძაბული პირველი სეტი იყო, რომლის მეთერთმეტე გეიმშიც ნადალმა გადამწყვეტი ბრეიკი აიღო და მომდევნო გეიმში, საკუთარ მოწოდებაზე, ჯოკოვიჩის გაბრძოლების მიუხედავად, სეტს წერტილი დაუსვა.
მაგრამ მეორე სეტში ჯოკოვიჩმა უბადლოდ ითამაშა, ნადალმაც ყურადღება ოდნავ მოადუნა და სერბი 5-1 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჯოკოვიჩს სეტებში ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია.
გადამწყვეტ სეტში, როცა ანგარიში 2-2 იყო, ნადალმა ორი ბრეიკ პოინტი მოიგერია. აქედან მოყოლებული, უპირატესობას თავად დაეუფლა და შეხვედრაც გამარჯვებამდე მიიყვანა. მან მასტერს 1000-ის სერიის ტურნირებზე 36-ე ტიტული მოიპოვა და ამით, ჯოკოვიჩის მიღწევა გაიმეორა.
ახლა მისი მიზანი, საფრანგეთის ღია პირველობაზე მე-14 ტიტულის მოპოვებაა. თიხნარის დიდი სლემის ტურნირი 30 მაისს დაიწყება.