ყაზანის რუბინმა უეფას კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. რუსეთის პრემიერლიგის ბოლოს ტურში ლეონიდ სლუცკის გუნდი შინ ვოლგოგრადის „როტორს“ დაუპირისპირდა და ვერ მოუგო, მაგრამ მისმა კონკურენტმა „სოჭმაც“ ვერ შეძლო 3 ქულის მოპოვება და ყაზანელებმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.
„როტორს“ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა და 79-ე წუთზე „დინამო ბათუმის“ ყოფილი ფორვარდის, ჯოვინო ფლამარიონის გოლით დაწინაურდა კიდეც. მეორეს მხრივ, „რუბინი“ წაგების შემთხვევაში ევროსაგზურის გარეშე რჩებოდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე „რუბინმა“ გაათანაბრა და პენალტი ჯორჯ დესპოტოვიჩმა გაიტანა, რამაც სლუცკის გუნდი ევროპაში დააბრუნა. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, რომელიც ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. „როტორის“ რიგებში ზურიკო დავითაშვილი 85-ე წუთამდე იყო მინდორზე და ის სოლომონ კვირკველიამ შეცვალა, რომელიც გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ ვოლგოგრადელებმა ეს ვერ მოახერხეს.
„რუბინმა“ სეზონი 53 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.
„როტორი“ 22 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და გავარდა, არადა, "რუბინთან" რომ მოეგო, ქვედა ლიგაში მის ნაცვლად, გია გრიგალავას "არსენალი" გავარდებოდა. ვოლგოგრადელთა რიგებში დავითაშვილმა 20, კვირკველიამ 19 და გიორგი არაბიძემ 4 თამაში ჩაატარეს და შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულან. ცნობისთის, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 21 მატჩში გატანილი 4 გოლით ჯოვინო ფლამარიონი გახდა.