ფეხბურთი

13:42 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "რონალდუ შეცვლით კმაყოფილი იყო"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის „ინტერთან“ (3:2) მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან 70-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა და რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც მოუწია საუბარი. პირლოს თქმით, პორტუგალიელი შეცვლით კმაყოფილი იყო.

„ბრძოლის ასეთი სურვილი ყოველთვის რომ გვქონოდა, ახლა სხვანაირად ვილაპარაკებდით და ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა არ მოგვიწევს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით სეზონის განმავლობაში ისეთ მატჩებში, რომლებიც ქაღალდზე მარტივად გამოიყურებოდა. სეზონის განმავლობაში შინაგანი ცეცხლი გვაკლდა, გუნდი ზედიზედ 9 სკუდეტოს შემდეგ მშიერი არ იყო. ასეთი სეზონი ჩემი ბრალია, ყველა ჩვენგანის ბრალია, მაგრამ „ინტერთან“ ბიჭებმა აჩვენეს, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.

გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც განვითარება შეუძლიათ, მაგრამ ადაპტაციაა საჭირო, რადგან „იუვენტუსში“ თამაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა და წნეხია, ეს არ ჰგავს სხვა გუნდებში თამაშს. ამ შემადგენლობას აქვე პოტენციალი და მომატება შეუძლია. რონალდუს შეცვლა? ვფიქრობ, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ის შეცვლის შემდეგ კმაყოფილი იყო. კაცნაკლული ვიყავით და მას უბურთოდ უხდებოდა სირბილი, თამაშის შემდეგ გასახდელში ბედნიერი იყო.

რატომ არ მოვუწყვეთ „ინტერს“ საჩემპიონო დერეფანი? უკვე მივულოცეთ ჩემპიონობა და ვფიქრობ, ეს საკმარისია. ჩვენ ზედიზედ 9 წელი ვხდებოდით ჩემპიონები, მაგრამ დერეფანი არავის გაუკეთებია. არმგონია, რომ ახლა განსხვავებული სიტუაცია იყო“, - თქვა პირლომ.

აქვე გეტყვით, რომ ანდრეა პირლომ ანტონიო კონტეს დამარცხება ამ სეზონში ორჯერ მოახერხა (ერთხელ თასზე). მისი გუნდი 19 მაისს იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ შეხვდება და ახალგაზრდა სპეციალისტს შანსი აქვს, იტალიის სუპერთასის შემდეგ სამწვრთნელო კარიერაში მეორე ტიტული მოიგოს.

0.115662