ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა საჭირო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
„დიდი ბრძოლა, კარგი და დაძაბული თამაში იყო. ასეთი უნდა იყოს დერბი. ეს არის ჩემი პირველი გამარჯვება „ოლდ ტრაფორდზე“, განსაკუთრებულ მომენტში. გვჭირდება და დავიმსახურეთ ეს მოგება. მეტოქის გატანილ გოლზე შესანიშნავი რეაგირება მოავხდინეთ და ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ. საწყის 15 წუთში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ მატჩზე კონტროლი დავამყარეთ და შეგვეძლო ისე გვეთამაშა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, 3:2-ზე ცოტა არასასიამოვნო იყო ჩვენთვის თამაში, მაგრამ მეოთხე გოლის გატანა მოვახერხეთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა „ოლდ ტრაფორდზე“ პირველად მოიგო, ისევე როგორც „ლივერპულმა“ 2014 წლის მარტის შემდეგ. „წითლები“ დარჩენილ სამ მატჩს „ვესტ ბრომვიჩის“, „ბარნლისა“ და „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ თუ მოიგებენ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნებისმიერ შემთხვევაში მოიპოვებენ.