რაგბი

18:40 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც გულშემატკივარი განსაკუთრებულის მოლოდინშია | მერაბ შარიქაძე

ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ ტესტს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს, ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს

‘სპრინბოქსს’ 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან სამ-მატჩიანი სერია ელით, მანამდე კი, 3 და 10 ივლისს ბორჯღალოსნებს მასპინძლობენ.

აფრიკიდან შინ მობრუნებული საქართველო 17 ივლისს შოტლანდიას მასპინძლობს და ჯამში, ზაფხულში, ტიერ1-ის გუნდებთან სამი ტესტ-მატჩი გამოგვივა რისი მსგავსიც აქამდე საფხულის ტესტებზე არასდროს ყოფილა.

„სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის. მსოფლიოს ჩემპიონთან ორი მატჩი და ტიერ1-ის გუნდის მასპინძლობა, სიხარულთან ერთად დიდი გამოწვევაცაა. ორივე დიდი გუნდია და გვსურს მათთან კარგი თამაშით ჩვენც გავიხაროთ და გულშემატკივარიც გავახაროთ. თქმაც არ უნდა, რომ ამ თამაშებში ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ რა შედეგი გვექნება“.

„ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონთან პირველი თამაშების გამართვის პატივი გვერგო, რაც მოლოდინს კიდევ უფრო ამწვავებს. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება სამხრეთ აფრიკის პირველ თამაშს და როდესაც ქომაგი განსაკუთრებულის მოლოდინშია, სპორტსმენი შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებს. აფრიკელები მოტივირებული დაგვხვდებიან, ეცდებიან გულშემატკივარი გაახარონ და სერიოზულ ბრძოლას შემოგვთავაზებენ“.

„საქართველოს ამ დონის ტესტ-მატჩები აქამდე არასდროს ჰქონია. სასიხარულოა, რომ შოტლანდიამ კიდევ ერთხელ ისურვა ჩვენთან სტუმრობა და აფრიკელებმა, ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან შეხვედრების წინ, საქართველოსთან თამაში პროდუქტიულად მიიჩნია. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ ქართველს უნდა უხაროდეს“.

ზაფხულის ტესტ-მატჩებამდე ბორჯღალოსნები 26 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და შინ ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს (მატჩი 29 მაისს გაიმართება) მიიღებენ.

RUGBY.GE

0.114406