„ლივერპულისა“ და ნიდერლანდების მცველი ვირჯილ ვან დეიკი ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
„გადავწყვიტე არ წავიდე ევროპის ჩემპიონატზე და ბოლო სარეაბილიტაციო ეტაპი ზაფხულის შესვენების დროს გავიარო. ფიზიკურად ვგრძნობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რეალისტური მიზანია, რომ პრესეზონისთვის მზად ვიყო. ცხადია, ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. ძნელია, მაგრამ უნდა შევეგუო და ყველა უნდა შეეგუოს“, - თქვა ვან დეიკმა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა მცველმა მძიმე ტრავმა მიმდინარე სეზონის დასაწყისში ლივერპულის „ევერტონთან“ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მთელი სეზონი გაუცდა. ფრანკ დე ბურს კი ნიდერლანდების ნაკრებში დაცვის ცენტრში მატიას დე ლიხტზე და სტეფან დე ვრეიზე დაყრდნობა მოუწევს.