საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ „ჯვაროსნების“ თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველ რიგში გიორგი მიქაუტაძეს დაუკავშირდა. ამის თაობაზე სანიოლმა ბელგიურ მედიას განუცხადა და თქვა, რომ ბელგიაში ასეთი შედეგიანობა მეორე დივიზიონის მიუხედავად, შესანიშნავი შედეგია.
„ხედავთ, მე მისი წინააღმდეგი არ ვარ იმის გამო, რომ ის ლიონში დაიბადა, მე კი სენტ ეტიენიდან ვარ“, - იხუმრა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და განაგრძო: „მნიშვნელობა არ აქვს, უმაღლესი დივიზიონი იქნება თუ მეორე, ყოველთვის საოცარია, როდესაც ფეხბურთელი ამდენ გოლს იტანს ისეთი მაღალი დონის ჩემპიონატში, როგორიც ბელგიაა. ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ დავუკავშირდი. ვესაუბრე ჩემს გეგმებზე და ისიც მზად იყო საქართველოს ნაკრებში ეთამაშა“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი შვედეთთან მატჩში ჰქონდა, როცა მოედანზე შეცვლაზე შევიდა, მაგრამ ტრავმის გამო ესპანეთთან და საბერძნეთთან ვერ ითამაშა.
20 წლის ქართველმა ფორვარდმა ბელგიის პროქსიმუს ლიგის რეგულარულ სეზონში 19 გოლით საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიპოვა, რასაც პლეი-ოფში „ვაასლანდ-ბევერენთან“ 3 გოლი დაუმატა და სეზონი მთლიანობაში 22 გოლით (23 მატჩში) დაასრულა. „სერენი“ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში 25 წლის შემდეგ აღზევდა და მიქაუტაძემ ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მაგრამ დარჩება თუ არა გუნდში უცნობია, რადგან იქ იჯარით თამაშობდა და მისი სატრანსფერო უფლებები ფრანგულ „მეცს“ ეკუთვნის, რომელთანაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2025 წლამდე გაახანგრძლივა.