"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა მკაცრად გააკრიტიკა "ლივერპულთან" 13 მაისს გასამართი მატჩის ჩანიშვნა და აღნიშნა, რომ მან ხშირ როტაციას თუ არ მიმართა, ბევრ ფეხბურთელს ტრავმა ექნება.
"მერსისაიდელებთან" დაპირისპირების ჩათვლით, "წითელმა ეშმაკებმა" ხუთ დღეში სამი მატჩი უნდა ჩაატარონ. აღნიშნული შეხვედრა გასულ კვირას გულშემატკივრების გამო გადადო, რადგან მანჩესტერული კლუბის ფანები სტადიონზე შეიჭრნენ და ამით კლუბის მფლობელების მუშაობა გააპროტესტეს. ამ მატჩამდე სამშაბათს სულშერის გუნდი "ლესტერს" დაუპირისპირდება, ხოლო კვირას - "ასტონ ვილას".
"ასეთი მატჩების განრიგი თანამედროვე ფეხბურთში არ მინახავს. "მანჩესტერ იუნაიტედის" 1991/92 წლების სეზონშიც მსგავსი განრიგი იყო და შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ უარყოფითად იმოქმედა ამან შედეგებზე. ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ხალხთან, რომლებიც მხოლოდ მაგიდას უსხედან და გადაწყვეტილებას ისე იღებენ, რომ ფეხბურთიც არ უთამაშიათ და ამის შესახებ არაფერი იციან. წარმოუდგენელია 4-ჯერ ინტენსიურად ათამაშო გუნდი, შეუცვლელად, 90 წუთით, პრემიერლიგის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ყველას ყოველთვის ვერ ვათამაშებ და პრიორიტეტების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. კვირას პრობლემა არაა, მაგრამ შემდეგ სამშაბათს კიდევ თამაშია, ხუთშაბათსაც და კიდევ კვირას - ეს უკვე დიდი პრობლემაა." - ციტირებს სულშერის სიტყვებს Sky Sports-ი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახლოსაა პრემიერლიგაში მეორე ადგილთან, რადგან მესამეადგილოსან "ლესტერს" ოთხი ქულით უსწრებს. სულშერმა კი აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ტრავმები აიცილოს, როტაცია გარდაუვალი იქნება.
"სამი დღის განმავლობაში ორი მატჩის ჩატარება რთულია, მაგრამ ამას მივიღებთ და ეს შობის პერიოდშიც გაგვიკეთებია. მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს ასეთი დატვირთული გრაფიკი კიდევ უფრო რთული იქნება. სამი მატჩის ხუთ დღეში ჩატარება კი წარმოუდგენელია და შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ მივიღებთ ამ გამოწვევას. არ ვიცი თუ როგორ დავიცვა ფეხბურთელები ამ მატჩებში. ბევრი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ისინი სულაც არ ფიქრობენ ჩვენზე. შევხედავ სიტუაციას და შესაძლოა ერთ ან ორ მატჩში ვიღაცას ჩემი შემადგენლობა საერთოდ არ მოეწონოს." - განაცხადა ნორვეგიელმა.
დაძაბული გრაფიკის ფონზე სულშერს კითხვა ედინსონ კავანის მომავალზეც დაუსვეს. ულე გუნარი ფეხბურთელით კმაყოფილია და იმედოვნებს რომ იგი დარჩება.
"ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად დრო გვაქვს. თუმცა რაც უფრო მეტ გოლს იტანს კავანი მით უფრო ძლიერი გუნდი ვხდებით და უფრო მეტი შანსია მანაც იგრძნოს გუნდური სულისკვეთება. მოდით ამ თემაზე კვირის შემდეგ ვილაპარაკოთ, შესაძლოა მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდეს." - აღნიშნა სულშერმა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 9 მაისს "ასტონვილას" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. გადამწყვეტი მატჩი კი სულშერის გუნდს "ლესტერთან" ელის, სადაც მოგების შემთხვევაში მეორე ადგილისთვის კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.