ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „არსენალთან“ მატჩისა (0:0) და ევროპა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ეს წარმატება დაიმსახურა და ფინალში ფანებს კარგ თამაშს დაჰპირდა.
„ვამაყობთ ფინალში გასვლით, რადგან „არსენალი“ ძალიან კარგი გუნდია. როგორც პირველ მატჩში, ახლაც ბევრი ვიმუშავეთ და უფრო შორს წასვლა დავიმსახურეთ. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ფეხბურთელები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თავი კარგად დავიცავით. ზოგჯერ ბურთსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ვაღიარებ, რომ „არსენალს“ უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდა.
ვიცი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ახლა ამ მომენტით ვტკბებით. ჩვენ ვიმსახურებთ მათ წინააღმდეგ თამაშს და გულშემატკივარს საუკეთესო თამაშს ვუჩვენებთ“, - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება. უნაი ემერი პირველი მწვრთნელია, რომელიც ევროთასების ერთი და იგივე ტურნირის ფინალში ხუთჯერ გავიდა.