ფეხბურთი

23:31 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

Ryanair-ის დიდებული "რეკლამა" მოურინიოს "რომას" მწვრთნელად დანიშვნაზე

იტალიურმა „რომამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულიდან ჟოზე მოურინიო „ჯალოროსის“ მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. ავიაკომპანია Ryanair-მა ამ ფაქტით ისარგებლა და საკუთარ თავს დიდებული რეკლამა გაუკეთა.

Ryanair-ის ტვიტერის გვერდზე სტატუსი განთავსდა, რომელიც მოურინოს ლონდონიდან რომში გადაბარგებას ეხება და ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა.

„ჟოზე სიამოვნებით გაიგებს, რომ ლონდონიდან რომში 14.99 გირვანქა სტერლინგად დავფრინავთ. „ტოტენჰემში“ მოგებული თასების არარსებობის გამო, ვფიქრობთ, რომ ერთი ხელბარგი საკმარისი იქნება მისი მოგზაურობისთვის“, - წერია ავიაკომპანიის ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და პორტუგალიელი სპეციალისტი სერია A-ში 2010 წლის შემდეგ ბრუნდება, როდესაც მილანის „ინტერს“ ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში მოურინიომ იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა და თქვა, რომ „ინტერის“ სიყვარულის მიუხედავად მის კონკურენტ გუნდს გაწვრთნიდა. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ჟოზე „იუვენტუსში“ მუშაობას გულისხმობდა, მაგრამ რეალურად „რომა“ უგულისხმია და დედაქალაქური გუნდი ჩაიბარა.

0.111249