იტალიური „რომას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირველი კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ კლუბის მეპატრონეებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.
„მადლობას ვუხდი ფრიდკინებს ოჯახს, რომ მე ამირჩიეს ამ დიდი კლუბის ხელმძღვანელად და მათი ხედვის ნაწილი გამხადეს. მფლობელებთან და ტიაგო პინტოსთან საუბრის შემდეგ, მივხვდი, რამდენად მაღალია ამ კლუბის ამბიციები. ჩვენ ერთად გვსურს მომავალი წლების გზაზე გამარჯვებების მოპოვება. „რომას“ გულშემატკივრების წარმოუდგენელმა გატაცებამ დამარწმუნა წინადადების მიღებაში და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. ამავდროულად წარმატებებს ვუსურვებ პაულუ ფონსეკას და ვთხოვ მედიას, რომ გაიგონ, განცხადებებს მხოლოდ დროულად გავაკეთებ“, - დაწერა ჟოზემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიომ „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მას იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს და 2008-2010 წლებში მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-2010 წლების სეზონში მან სკუდეტო სწორედ „რომასთან დრამატულ ბრძოლაში მოიგო.