ფეხბურთი

10:24 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ისტორიის დასაწერად, პსჟ კი, ზედიზედ მეორე ფინალისთვის ემზადება

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საპასუხო ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს და შესაბამისად, მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტი გაირკვევა.

პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ერთი კვირის წინ პარიზში კევინ დე ბრუინისა და რიად მაჰრეზის გოლებით 2:1 მოიგო და ცხადია, საპასუხო თამაშის წინ გარკვეულ უპირატესობას ფლობს, რადგან სამი შედეგიდან ორი მის წისქვილზე დაასხამს წყალს, ამასთან, პარიზელებს აუცილებლად მინიმუმ 2 გოლი აქვთ გასატანი.

„მანჩესტერ სიტის“ სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ პრემიერლიგაში ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად უკვე მოიპოვა, მოიგო ინგლისის ლიგის თასიც და მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა კონცენტრირებული, ხოლო პსჟ პირიქით - ლიგა 1-ში საჩემპიონო ბრძოლაშია ჩაბმული. „სიტის“ ლაზარეთიც ცარიელი აქვს და გვარდიოლას შეუძლია მოედანზე სურვილისამებრ საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანოს.

„პარი სენ ჟერმენში“ ასე არ არის. ხუან ბერნატი ტრავმირებულია, იდრისა განა გეიე დისკვალიფიცირებულია, ხოლო კილიან მბაპეს საკითხი გადასაწყვეტია. ფრანგმა შემტევმა ლიგა 1-ში „ლანსთან“ ბოლო თამაში გამოტოვა და როგორც მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, მატჩის წინ გადაწყდება შეძლებს თუ არა თამაშს კილიანი. ცხადია, მბაპე პსჟ-სთვის დიდი ძალაა და ის ფრანგებისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

პარიზელთა სასარგებლოდ არც ისტორია მეტყველებს: ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან და პსჟ-ს „სიტი“ არასდროს დაუმარცხებია - 2 ფრე და 2 წაგება. ამ 4 თამაშიდან 3 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა და ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ორჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს.

„პარი სენ ჟერმენს“ შანსი აქვს ზედიზედ მეორედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში არასდროს უთამაშია, ამდენად ისტორიის დაწერასთან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ევროტურნირის ფინალში 1970 წლის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც თასების თასის ფინალში ზაბრჟეს „გურნიკი“ დაამარცხა. „სიტი“ ფინალში თუ გავა, გახდება გუნდი, რომელმაც ევროტურნირის ორ ფინალს შორის ყველაზე დიდი წყვეტით მოახერხებს გასვლას - 51 წელი! ეს უცნაური რეკორდი ლისაბონის „სპორტინგს“ ეკუთვნის, რომელმაც 1964 წელს ითამაშა ევროთასის ფინალში და ამის შემდეგ იგივე 41 წლის შემდეგ, 2005 წელს გააკეთა. ამაზე დიდი წყვეტა ევროტურნირის ფინალებში არცერთ გუნდს არ ჰქონია.

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი): „პსჟ შესანიშნავი გუნდია და ეს ყველამ იცის. მათ შეუძლიათ ისეთი მატჩი მოიგო, რომელსაც უბრალოდ ბევრი არ ელოდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რისი გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ ასევე ვიცით, რომ მოგება ჩვენც შეგვიძლია. იგივე საფრთხეები გვემუქრება, რაც პირველ შეხვედრაში. მათ შეუძლია შემადგენლობის შეცვლა, ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავთ, არ ვიცი, რას გააკეთებენ. ჩვენ არასდროს გავსულვართ ფინალში, ამიტომ, გასაგებია, რომ სურვილი დიდია. თამაში ერთად უნდა წავიკითხოთ, რთულ მომენტებში ერთად უნდა დავრჩეთ, რომ სირთულეები ერთად დავძლოთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ, დაცვით ფაზაში კარგად უნდა ვითამაშოთ და მოთმინება გამოვიჩინოთ. 2019 წლის „ტოტენჰემის“ სცენარი? არ შემიძლია იმის პროგნოზირება რა მოხდება. ეს არის სხვა გუნდები, სხვა მოვლენები. წარსული წარსულია, ჩვენი მოგონებებია, ის შეიძლება იყოს ბედნიერი ან სევდიანი. მაშინ მშვენივრად ვითამაშეთ, მაგრამ უფრო შორს ვერ წავედით, ახლა ვცდილობთ, რომ ფინალში გავიდეთ. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარფინალის საპასუხო მატჩები ყოველთვის რთულია. თამაშს იწყებ პირველ მატჩის შედეგზე დაყრდობით და გავიწყდება, რომ თამაში უნდა მოიგო“.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): „ფეხბურთში რთულია წინასწარ რამე განჭვრიტო. ფაქტია, ფინალში საუკეთესო გუნდები გადიან და ჩვენთვის ეს თამაში დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებული ზეწოლა არ არსებობს, პსჟ ნახევარფინალში ასე ხშირად არასდროს გადიოდა, ამიტომ თამაშით უნდა ვისიამოვნოთ და ეს ერთადერთი გზაა ფინალში გასასვლელად. მბაპე? ჯერ არ ვიცით იქნება თუ არა, ხელმისაწვდომი ამ მატჩში. მისი მდგომარეობა თამაშამდე შეფასდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ითამაშებს თუ არა კილიანი, ამის მიუხედავად პსჟ-ს აქვს ხარისხი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს და ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც საქმის კარგად გაკეთება შეუძლიათ. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, რადგან ორი გოლი გვაქვს გასატანი. წინ ბრძოლა გველოდება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ სიტი“ (4-2-3-1): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, კანსელუ; როდრი, გიუნდოგანი; მაჰრეზი, ბერნარდო სილვა, ფოდენი; დე ბრუინი

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო; ვერატი, პარედესი; დი მარია, ნეიმარი, დრაქსლერი; იკარდი

0.121462