ჩოგბურთი

18:58 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთ დღეში ორი მოგება: ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ფინალშია!

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის (BMW Open) ფინალშია! ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ორი მატჩი მოიგო და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ბასილაშვილმა ნახევარფინალში რეიტინგის 24-ე ნომერი და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი კასპერ რუდი ძალიან ადვილად, ორ სეტში 6:1, 6:2 დაამარცხა. თამაში მხოლოდ საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, ესეც ნათლად მიანიშნებს, რომ ნიკოლოზმა რეიტინგში მასზე წინ მყოფ მეტოქეს იოლად აჯობა.

ბასილაშვილს 2 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქე 4 ეისით გამოირჩა და სამჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა დღეს მეოთხედფინალში ნორბერტ გომბოსი დაამარცხა, რომელთანაც გუშინ პირველი სეტი ითამაშა, მაგრამ შეხვედრა წვიმის გამო შეწყდა და მხოლოდ დღეს გაგრძელდა. შესაბამისად, მისი ეს წარმატება ამის ფონზე უფრო გამოსარჩევია.

სხვათა შორის, ბასილაშვილმა მიუნხენში ოთხი მატჩი მოიგო და ოთხივე ორ სეტში, სეტწაუგებლად. ფინალში ნიკოლოზი იან ლენარდ-შტრუფს შეხვდება. თამაში 2 მაისს, თბილისის დროით 15:30 საათზეა დაგეგმილი. ისინი ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ შეხვედრიან და 4-ჯერ გერმანელმა მოიგო, სამჯერ ქართველმა და მათ შორის, ბოლო დაპირისპირება 9 აპრილს, კალიარის ტურნირზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერაში მეხუთე ტიტულის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - კასპერ რუდი 2:0 (6:1, 6:2)

0.157147