„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა „პარი სენ ჟერმენის“ კარში გატანილ ჯარიმაზე ისაუბრა. ალჟირელის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ლეანდრო პარედესსა და პრისნელ კიმპემბეს შორის გაძვრა და კეილორ ნავასი ვეღარაფერს გახდა. მაჰრეზმა აღიარა, რომ ასე დარტყმა არ სურდა.
„ნამდვილად სხვა სტილში დარტყმა მინდოდა. ჩემი მიზანი იყო ბურთი ცოცხალი კედლისთვის ამეცილებინა, საბედნიეროდ, ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა და შემდეგ კარში შევარდა. ბედნიერი ვარ, ვიცოდი, რომ გამარჯვება შეგვეძლო და ფანტასტიკური იყო. თამაშამდე ბენჟამენ მენდიმ მითხრა, რომ გამარჯვების გოლს გავიტანდი და ეს მისი დამსახურებაა, ღმერთს სთხოვა გოლი გამეტანა და ღმერთმა მომცა ამ გოლის გატანის შესაძლებლობა“, - თქვა მაჰრეზმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 4 მაისს ინგლისში გაიმართება.