ფეხბურთი

12:50 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "მხოლოდ "ინტერში" ვერ მიხვდებოდნენ, რომ რობერტო კარლოსი საოცარი ფეხბურთელი იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მადრიდის „რეალში“ რობერტო კარლოსი გადაიბირა. ეს 1996 წელს მოხდა და იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მხოლოდ „ინტერში“ შეიძლებოდა ვერ გაეთვალათ, რომ მას დიდი მომავალი ჰქონდა.

„ახლა როგორი გასუქებულიცაა, მას არ შევიძენდი (იცინის). ხუმრობის გარეშე კი, მხოლოდ „ინტერში“ შეიძლებოდა ვერ მიმხდარიყვნენ, რომ რობერტო კარლოსი ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მათ თქვეს, რომ არ იყო კარგი ფეხბურთელი, არ იცოდა დაცვაში თამაში და მეტოქის აყვანა. მე, როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ საკმარისი იყო მისთვის წინ ბურთი გადაგეგდო და ის გაიქცეოდა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ რობერტო კარლოსი 1995 წელს „პალმეირასიდან“ შეიძინა და პირველივე სეზონში „ნერაძურიში“ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თუმცა, 1996 წელს მადრიდის „რეალში“ გაყიდეს, რომელსაც იმ დროს ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

„სამეფო კლუბში“ ბრაზილიელმა დიდებული პერიოდი გაატარა და 2007 წლამდე 527 შეხვედრაში 69 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის ბოლოს კარლოსმა „ფენერბახჩეში“, „კორინთიანსსა“ და „ანჟიში“ ითამაშა.

0.113413