ავტოსპორტი

3:58 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰორნერი მერსედესს მომდევნო ორი რბოლის ფავორიტად ასახელებს

„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი თვლის, რომ მომდევნო ორ რბოლაში, რომლებიც პორტუგალიასა და ესპანეთში ჩატარდება, ფავორიტი „მერსედესი“ იქნება. მისი აზრით, პორტიმაუს და ბარსელონას ტრეკები სწორედ ჩემპიონთა მანქანას აძლევს უპირატესობას.

„ორ კვირაში ორი რბოლა გველის და სულის მოთქმის საშუალება არ გვექნება. პორტუგალიაშიც და ესპანეთშიც შესანიშნავ ტრეკებზე მოგვიწევს რბოლა, მაგრამ წინა სეზონების მონაცემებზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ ორივეზე მერსედსი სრულად შეძლებს საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენას“, - ამბობს ჰორნერი.

ის დასძენს, რომ გასულ სეზონში პორტიმაუს რბოლის დამატებამ გაამართლა. თუმცა აღნიშნავს, რომ ახალ ასფალტს ცუდი ჩაჭიდება ჰქონდა. მას იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, ტრასა უფრო ხაოიანი გახდებოდა. რაც შეეხება ბარსელონას, ის ადრე სატესტო ტრეკის მოვალეობასაც ასრულებდა და ერთგვარი უნივერსალური საზომი იყო, რომელზეც გუნდებს წარმოდგენა ექმნებოდათ იმაზე, თუ სეზონის წინ, ვინ რამდენად კარგად იყო მომზადებული.

ამ სეზონის წინ, ტესტები ბაჰრეინში ჩატარდა და ბარსელონას ტრეკზე ყველას პირველად მოუწევს გამოსვლა. თუმცა წინასწარ ყველას შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ რას უნდა ელოდონ ამ რბოლაში.

„მე ამ ორ რბოლას მოუთმენლად ველი. შემიძლია დაგარწმუნოთ, საკმარისზე მეტი ენერგია და მოტივაცია გვაქვს. თუ ამ რბოლებში, მერსედესს შევაწუხებთ, ეს იმის იმედს მოგვცემს, რომ შემდგომ რბოლებშიც კარგად ვიასპარეზებთ. როგორც ადრეც მითქვამს, ძალთა განაწილებაზე რეალური წარმოდგენა, პირველი ოთხი რბოლის შემდეგ შეგვექმნება“.

0.065534