სუზუკას ტრეკი იაპონიის დიდ პრიზს 2024 წლის ჩათვლით უმასპინძლებს. ფორმულა 1-მ და სუზუკას ტრეკის მფლობელებმა, კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივეს. ქალაქ ნაგოიას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტრეკზე ფ1-ის რბოლა პირველად 1987 წელს გაიმართა. მას შემდეგ, ამ ტრასაზე პილოტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი 11-ჯერ გამოვლინდა.
„ჩვენ აზიაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ვზრუნავთ და ეს კონტრაქტი, ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ჩვენ გვიხარია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით, რაც მობილიტილენდთან წარმატებული ურთიერთობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს“, - ამბობს ფორმულა ერთის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი. ცნობისათვის, „მობილიტილენდი“ კომპანია „ჰონდას“ შვილობილია.
ამ სეზონში ფორმულა 1-ში ახალი იაპონელი მრბოლი გამოჩნდა - 20 წლის იუკი ცუნოდა. ის 2014 წლის შემდეგ, ფორმულა 1-ის პირველი იაპონელი მრბოლი გახდა. მაგრამ იმავდროულად, ფ1-ს „ჰონდა“ ტოვებს, რომელიც ძრავებით „რედ ბულს“ და „ალფატაურის“ ამარაგებს.
ცუნოდა სწორედ „ალფატაურის“ პილოტია და მან ქულები თავის სადებიუტო რბოლაშივე (ბაჰრეინი) მოიპოვა. რაც მთავარია, სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.
გასულ სეზონში, კორონავირუსის პანდემიის გამო, სუზუკაზე ფ1-ის რბოლა არ ჩატარებულა. ტრასას მომავალ წელს 60 წელი უსრულდება. მიმდინარე სეზონში კი მასზე რბოლა 10 ოქტმბერს არის დანიშნული.