დღეს, 24 აპრილს, „მანჩესტერის“ ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონთან, ისინი პროტესტს გამოთქვამენ კლუბის ამერიკელი მფლობელების, გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ.
Sky Sports-ის ცნობით, სტადიონთან ბანერებით, შარფებით და შუშხუნებით აღჭურვილმა უამრავმა ქომაგმა მოიყარა თავი. ბევრს მწვანე ფერის ტანსაცმელი ეცვა, რომელიც დოლარის და ზოგადად, სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენდა. კარგა ხანს იხმაურეს.
ეს უკვე მეორე პროტესტია ამ კვირაში. პირველი ორიოდ დღის წინ იყო „იუნაიტედის“ საწვრთნელ ბაზასთან, როცა გულშემატკივრებმა ორივე შესასვლელი დაბლოკეს, რათა ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.
„მანჩესტერი“ სუპერლიგას მალევე გაემიჯნა, თუმცა პროტესტი გრძელდება.