ჭიდაობა

19:48 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ოქროს და ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე ფინალში გავიდა, ხოლო აივენგო რიკაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს - ორივე ფალავანი მედლებისთვის კვირას იბრძოლებს.

მანამდე კი, ბოლქვაძემ (72 კგ) შვედი დანიელ მატიას სოინი 4:0 და რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი 2:0 დაამარცხა, შედეგად ნახევარფინალში გავიდა. შმაგიმ იქ უნგრელ რობერტ ატილა ფრიტშს 3:1 მოუგო და ხვალ ფინალში, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე კი სომეხი მალხას ამოიანი იქნება.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ ნახევარფინალს უწია. მან უნგრელი ლაშლო შაბო 3:2 და აზერბაიჯანელი ტუნჯაი ვაზირზადე 5:2 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში რუს ადლან აკიევთან წააგო (1:6) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

60 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილი ასპარეზობდა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე სომეხ გევორგ ღარიბიანთან 5:13 დამარცხდა, მომდევნო წრეში მისმა მძლეველმაც მარცხი განიცადა და რეპეშაჟის შანსი დაკარგა. 67 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა რუს არტიომ სურკოვთან 1:3 წააგო და შემდეგი რუსი ფალავანიც დამარცხდა, შესაბამისად, ხეცურიანი ასპარეზობას გამოეთიშა. 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ პირველივე წრეში ბელარუს მიხალაი სტადუბთან განიცადა მარცხი (3:7).

შეგახსენებთ, დღეს იაკობ ქაჯაია (130 კგ) ფინალში იჭიდავებს და თურქ რიზა კაიას შეხვდება, ხოლო ლერი აბულაძე (63 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე და რუმინელი მიჰაი რადუ მიჰუტის ძლევას ეცდება. დღესვე, თორნიკე ძამაშვილს (87 კგ) ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ რეპეშაჟში რუს მილად ალირზაევთან 2:10 წააგო და უმედლოდ დარჩა.

0.113961