ფეხბურთი

13:18 | 24.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "სად წერია, რომ "ჩელსი" და "ტოტენჰემი" დიდი გუნდებია?"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ევროპის სუპერლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა. კასანოც ამ პროექტის წინააღმდეგია და მისთვის გაუგებარია, გუნდები რა კრიტერიუმებით შეირჩა.

„დიდი გუნდები აგენტებს არ უნდა აჰყვნენ, ეს ფეხბურთი არ არის. „უდინეზე“ 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად თამაშობდა, როგორც ახლა „ატალანტა“ თამაშობს. სად წერია, რომ „ჩელსი“ დიდი გუნდია? და, „ტოტენჰემი“? „პორტუს“ ორივე გუნდზე მეტჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, რატომ არ იყო სუპერლიგაში? მის გარდა, „ლესტერი“, „ატალანტა“ „ლილი“ გარეთ დარჩნენ, მაგრამ უკეთესად თამაშობენ, ვიდრე „ტოტენჰემი“, - თქვა კასანომ.

იტალიის ნაკრებისა და „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ამის შემდეგ კომენტარი სერია A-ზე გააკეთა, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლაა გაჩაღებული და მეორე ადგილოსანი „მილანი“ მეხუთე პოზიციაზე მყოფ „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, მათ შორის კი „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ არიან:

„ატალანტა“ ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს, მაგიჟებს. „რომასთან“ შეეძლო 8:1 მოეგო. „ინტერის“ გარდა, ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტა“ და „ნაპოლი“ აუცილებლად გავლენ. „ნაპოლის“ არ აქვს რთული კალენდარი, „ატალანტას“ მხოლოდ „მილანთან“ აქვს რთული თამაში და ისიც ბოლო ტურში. „მილანს“ საკმაოდ რთული კალენდარი აქვს, ისევე როგორც „იუვეს“. თუ „ლაციო“ „მილანს“ დაამარცხებს, ისიც ბრძოლაში იქნება. ჩემი აზრით, მეოთხე ადგილი „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის გათამაშდება და „იუვეში“ არის რაღაც, რისიც არ მჯერა“, - აღნიშნა კასანომ.

0.108414