ბარსელონაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ლიდერებმა გამარჯვება მოიპოვეს.
პირველ ნომრად განთესილმა რაფაელ ნადალმა კემერონ ნორი 6:1, 6:4 დაამარცხა. წინა მატჩებისგან განსხვავებით ესპანელს რთული ბრძოლა არ ჰქონია და ბრიტანელს იოლად მოუგო. მალიორკელი ბარსელონას ტურნირის ნახევარფინალში მეცამეტედ გავიდა, ხოლო ჩემპიონი კარიერის განმავლობაში 11-ჯერ გახდა და მე-12 ტიტულს უმიზნებს. შემდეგ ეტაპზე ნადალი პაბლო კარენო-ბუსტას დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხე ნომერი დიეგო შვარცმანი 6:4, 3:6, 7:5 დაამარცხა.
სტეფანოს ციციპასის წაუგებელი სერია ბარსელონაში გრძელდება. ბერძენმა გასულ კვირას მონტე კარლოს მასტერსი მოიგო, ახლა კი ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში ციციპასმა ფელიქს ოჟე-ალიასიმე 6:3, 6:3 დაამარცხა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ ეტაპზე სტეფანოსი იანიკ სინერს შეხვდება, რომელიც ბოლო 16 წლის განმავლობაში ტურნირის ყველაზე ახალგზარდა ნახევარფინალისტი გახდა. იტალიელმა მეოთხედფინალში ანდრეი რუბლიოვი 6:2, 7:6 დაამარცხა.
ნახევარფინალური მატჩები 24 აპრილა გაიმართება. პირველები კორტზე იანიკ სინერი და სტეფანოს ციციპასი გავლენ, მატჩი 15:30 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი ნადალის და კარენო-ბუსტას დაპირისპირება გაიმართება.