ფეხბურთი

20:59 | 23.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: "მოურინიუს გათავისუფლებით გაოცებული დავრჩი"

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიუს გათავისუფლებით გაოცებული იყო და ეს ამბავი გამოცხადებამდე 5-10 წუთით ადრე გაიგო. ინგლისელმა შემტევმა ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და წარმატებები უსურვა.

"მოურინიუს გათავისუფლებით გაოცებული დავრჩი, სიმართლე თუ გაინტერესებთ. დილით კლუბში მივედი და ამ ამბის გამოცხადებამდე 5-10 წუთით ადრე გავიგე მისი ამბავი. უმეტესად ფოკუსირებული ვიყავით კარაბაოს თასის ფინალისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია. რამდენი ხანია ამ კლუბში ვარ და რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა გუნდმა, ამ ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ეს ასე არ მოხდებოდა, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია და ამას უნდა შევეგუოთ. ჟოზესთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მას წარმატებას ვუსურვებ შემდეგ სამსახურში. მანაც იცის რომ ფეხბურთში არავინ გაპატიებს რამეს და წინსვლა უნდა გააგრძელოს. ჩვენ კი დიდი ფინალი გველოდება, უნდა მოვემზადოთ და ამ თამაშს მოუთმენლად ველოდებით." - განუცხადა Sky Sports-ს კეინმა.

ჰარიმ ინტერვიუს დროს კომენტარი გუნდის დროებით თავკაც რაიან მეისონზეც გააკეთა, ხაზი გაუსვა მასთან მეგობრულ, დიდხნიან ურთიერთობას და დარწმუნებულია, რომ რაიანი ამ საქმეს თავს კარგად გაართმევს.

"რაიანი დიდებული პიროვნებაა. შესაძლოა მისთვის უცნაური იყო ის ამბავი, რომ მას დანიშნავდნენ მწვრთნელად. მან ყველაფერი კარგად დაიწყო, სიტუაციაში გაერკვა, მოთამაშეებთან კარგად ააწყო ურთიერთობა და მისთვის "საუთჰემპტონთან" გამარჯვება დიდებული მომენტი იყო. ფინალში გასვლამ ყველა აგვაფორიაქა. მე და მეისონი კარგი მეგობრები ვართ და ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. მე უფრო მის გამო უფრო ავღელდი, რადგან მას ეს შესაძლებლობა მიეცა, ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელი. ვიმედოვნებ კვირას თასს მოვიგებთ და მასთან ერთად გავიზიარებ ამ შესანიშნავ მომენტს." - აღნიშნა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

მოურინიუს და მეისონის თემის გარდა, განვლილ კვირაში "ტოტენჰემს" კიდევ ერთი სანერვიულო ჰქონდა. კლუბი ჯერ სუპერ ლიგაში ჩაერთო, ხოლო შემდეგ გულშემატკივრების პროტესტის გამო ლიგა დატოვა. კეინმა განაცხადა, რომ მას არ ხიბლავდა ეს იდეა და მხარდამჭერები, ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად პროტესტის გამო შეაქო.

"საბოლოო შედეგი მომეწონა. სიმართლე თუ გაინტერესებთ, არ მხიბლავდა ეს იდეა და ბოლომდე მესმის გულშემატკივრების პოზიციის. ბევრი ადამიანის ხედვით ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ცხადია ამის შემდეგ ეს თემა დაიხურა. ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და მოხარული ვარ საბოლოო შედეგის მიღწევით. ფეხბურთისთვის ამჟამინდელი გზა კარგია. კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვანი ასპექტია ფეხბურთში და ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს." - განმარტა კეინმა Sky Sports-თან ინტერვიუს პერიოდში.

"ტოტენჰემი" 25 აპრილს თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

0.146902