პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სამი დღის წინ პოლონელმა ფეხბურთელმა ბურთით დაიწყო ვარჯიში და მისი სარეაბლიტაციო პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. "ბაიერნს" შემდეგი მატჩი 24 აპრილს სტუმრად "მაინცთან" ელოდება და შესაძლოა რობერტი მოედანზე ვიხილოთ. ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ტრავმა გასულ თვეს სანაკრებო მატჩების დროს მიიღო.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 42 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ბუნდესლიგაში პოლონელმა 25 შეხვედრაში თავი 35 გოლით გამოიჩინა და ტურნირის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.