ავტოსპორტი

2:30 | 21.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი: შეჯახებამ შეიძლება „მერსედესის“ განვითარების გეგმა შეაფერხოს

„მერსედესის“ ფ1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ემილია რომანიას დიდი პრიზის რბოლისას, ჯორჯ რასელსა და ვალტერი ბოტასს შორის მომხდარი შეჯახების გამო, რომელმაც ბოტასის მანქანა ძლიერ დააზიანა, შეიძლება გუნდის მიერ დასახული, მანქანის სრულყოფის გეგმა დააზარალოს.

„საკმაოდ ძლიერი შეჯახება იყო. ჩვენი მანქანა ჩამოსაწერია. ეს არ გვჭირდებოდა. ბიუჯეტის შეზღუდვის პირობებში, ეს შეზღუდავს იმ განახლებებს, რომლებზეც მუშაობას ვაპირებთ. ბიუჯეტის ჭერის გამო, ყველაფერი ზუსტად გვაქვს გაწერილი. რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხით, ეს მანქანის ჩამოწერაა. ეს მანქანა სრულად არ განადგურებულა, მაგრამ არც ბევრი დააკლდა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - ყვება ვოლფი.

ამ სეზონში ფორმულა 1-მა თითოეულ გუნდს ბიუჯეტის ჭერად 145 მილიონი დოლარი დაუწესა. „მერსედესი“ ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი გუნდი იყო და შექმნილ სიტუაციაში, ხარჯების მკვეთრად შეკვეცა უწევს. ბიუჯეტის ჭერში არაა გათვალისწინებული პილოტებისთვის გადასახდელი ხელფასი, მაგრამ ტექნიკურ სიახლეებზე და აეროდინამიკაზე მუშაობა შეიზღუდა.

ამ ყველაფრის გამო, იზღუდება დაგეგმილი სამუშაო მანქანის გაუმჯობესებაზე. ყოველი გაუთვალისწინებელი შემთხვევა კი, როგორიცაა ავარია და ამის შედეგად მანქანის დაზიანება, ხარჯებს ზრდის და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

23 წლის რასელი „მერსედესის“ მომავალ პილოტად მოიაზრება და არაა გამორიცხული, რომ მალე სწორედ ბოტასის თანაგუნდელი გახდეს (როგორც ეს გასულ სეზონში, ბაჰრეინის რბოლის დროის იყო, რომელიც ლუის ჰამილტონმა კორონავირუსით ინფიცირების გამო გააცდინა). ამიტომ ის თავის გამოჩენას ესწრაფვის. მაგრამ იმოლაზე ზედმეტი მოუვიდა და ეს ვოლფმაც აღნიშნა:

„ეს არ უნდა მომხდარიყო. ვალტერის ცუდი პირველი 30 წრე ჰქონდა და იქ არ უნდა ყოფილიყო. ჯორჯს კი ასეთი მანევრი არ უნდა შეესრულებინა. ტრასა შრებოდა და გასწრება რისკთან იყო დაკავშირებული. მითუმეტეს, მის წინ მერსედსი იყო. მოკლედ, მას ბევრის სწავლა მოუწევს“.

„სკაი სპორტსთან“ საუბრისას, ვოლფმა იხუმრა - „თუ ის (რასელი) თავის საქმეს კარგად შეასრულებს. მალე მერსედესში იქნება, თუ ვერა, მაშინ რენო კლიოს თასზე ვიქნებით. დღეს ყველაზე ახლოს, სწორედ რენო კლიოს თასთან ვიყავით“.

0.133139