ფეხბურთი

3:38 | 20.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონა: "ამ კლუბებმა გულშემატკივრებს აზრი ჰკითხეს? ეს სირცხვილია"

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ სუპერლიგის შესახებ ისაუბრა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა 12 კლუბი გააკრიტიკა და ისინი საკუთარი გულშემატკივრების აზრის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„მინდა სუპერლიგის შესახებ რაღაც ვთქვა. ბოლო ერთი წელია ჩვენ ვნახეთ მატჩები ტელევიზიით, საუკეთესო კლუბები და ფეხბურთელები თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ძალიან მოსაწყენია. ეს იმიტომ ხდება, რომ სტადიონები ცარიელია, მათ გულშემატკივრები აკლიათ. ისინი მღერიან და მხარს უჭერენ თავიანთ გუნდებს. ასე რომ, გულშემატკივრები ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია და მათ პატივისცემა სჭირდებათ. ჰკითხეს ამ კლუბებმა თავიანთ ქომაგებს თუ რას ფიქრობენ ამ იდეაზე? არა, სამწუხაროდ. ეს არის და ეს, სირცხვილია“, - თქვა კანტონამ.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.146284