ფეხბურთი

21:15 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მხარი დაუჭირა და სუპერლიგას განუდგა

მიუნხენის „ბაიერნი“ სუპერლიგას ოფიციალურად გაემიჯნა და ჩემპიონთა ლიგის ახალ რეფორმას მხარი დაუჭირდა. „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელშიც გერმანული გრანდის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმინიგე საუბრობს.

„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლგის რეფორმას მიესალმება, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის სწორი ნაბიჯი გადაიდგა. შეცვლილი ჯგუფური ეტაპი ხელს შეუწყობს ემოციის მატებას ტურნირში.

მე არ მჯერა, რომ სუპერლიგა გადაჭრის ევროპული კლუბების ფინანსურ პრობლემებს, რაც კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიშვა. უფრო მეტიც, ევროპის ყველა კლუბმა უფრო მეტად სოლიდარულად უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს ხარჯების სტრუქტურა, განსაკუთრებით მოთამაშეთა ხელფასები და აგენტების წილი, რათა ევროპული ფეხბურთი უფრო რაციონალური გახდეს“, - თქვა რუმენიგემ ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უეფასა და ევროპულ გრანდებს შორის ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული, რადგან 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა ჩამოაყალიბა. ახალი ტურნირს დამფუძნებლები „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან.

სუპერლიგაში ჯამში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, აქედან 15 მუდმივი ბინადარი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 12 გუნდის ვინაობაა ცნობილი და რვა მოგვიანებით გაირკვევა.

0.115002