ფეხბურთი

2:47 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგა დააფუძნა!

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეიქმნა! ევროპის 12-მა კლუბმა ახალი ტურნირი დააფუძნა, რომელიც სტარტს უახლოეს მომავალში აიღებს და ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყება.

„მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „არსენალი“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ჩელსი“, „ტოტენჰემი“ - სუპერლიგის 12 დამფუძნებელი კლუბია.

ამ გუნდებს კიდევ 3 კლუბი შეუერთდება, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ გაჟღერებულა და სუპერლიგის დამფუძნებლები იქნებიან. ევროპის სუპერლიგას პრეზიდენტიც ჰყავს - ფლორენტინო პერესი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ანდრეა ანიელიმ და ჟოელ გლეიზერმა დაიკავეს.

როგორც სუპერლიგის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ტურნირი, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე ქალთა შორის, იგივე შეჯიბრის შექმნა იგეგმება, რაც ქალთა ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თითოეული დამფუძნებელი გუნდი ტურნირში მონაწილეობისთვის 350 მილიარდ ევროს მიიღებს და სუპერლიგის მუდმივი ბინადრები იქნებიან. მთლიანობაში ახალ შეჯიბრში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს და 15 დამფუძნებელს 5 გუნდი წინა სეზონების შედეგების მიხედვით დაემატებიან.

20 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან და სახლი-სტუმრად თამაშის პრინციპით ითამაშებენ. ჯგუფებში სამ-სამი საუკეთესო გუნდი ავტომატურად მეოთხედფინალში გავა, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილოსნები ორრაუნდიან პლეი-ოფში გაარკვევენ ბოლო ორი მეოთხედფინალისტის ვინაობას. პლეი-ოფშიც გუნდები შინ და სტუმრად შეხვდებიან, ფინალი კი მაისის ბოლოს ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება.

უეფა, ფიფა, ევროპული კლუბების ასოციაცია, პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერლიგის წინააღმდეგები არიან.

უეფა 12-ვე კლუბს სანქციებით დაემუქრა, როგორც ფინანსური, ისე სპორტული - კერძოდ, გუნდებს შესაძლოა ევროთასებსა და შიდა ჩემპიონატებში თამაში აეკრძალოთ, ხოლო ამავე გუნდების ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის შესაძლებლობას არ მისცემენ, უფრო კონკრეტულად, უეფასა და ფიფას ეგიდით გასამართ მატჩებში.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ უეფასა და სუპერლიგას შორის ნამდვილი ომი იწყება, რომელიც რა შედეგებს გამოიღებს, პროგნოზირება რთულია. თუმცა, ნათელია, რომ ფეხბურთში ახალი ისტორია იწყება.

თეგებისუპერლიგა
0.11485