პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებული გამოდგა. სხვა თუ არაფერი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მთლიანობაში საქართველომ ევროფორუმი 5 მედლით დაასრულა და აქედან 4 დღეს იქნა მოპოვებული.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდნენ. მათ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგეს. ბექაურმა ფრანგი ალექსის მატეუ, ებრაელი ლი კოჩმანი, სერბი ნემანია მაიდოვი და თურქი მიხაელ ზგანკი დაამარცხა, ხოლო ღვინიაშვილმა ესტონელ კრისტოფერ კალიულაიდს, რუმინელ ალექს კრეტს, უნგრელ კრისტიან ტოტსა რუს მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა და ქართული ფინალიც შედგა, რომელიც დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ლაშა ბექაურმა შეხვედრის დასრულებამდე 51 წამით ადრე იპონით მოიგო, რის შედეგადაც ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ღვინიაშვილს ვერცხლით მოუწია დაკმაყოფილება.
100 კგ წონით კატეგორიაშიც დიდი შანსი იყო ორი ქართველი ყოფილიყო ფინალში, მაგრამ არ გამოვიდა. ვარლამ ლიპარტელიანი შესანიშნავად ასპარეზობდა და ერთმანეთის მიყოლებით თურქი მერთ სისმანლარი, პოლონელი კასპერ შუროვსკი, ფრანგი ალექსანდერ იდირი და რუსი ნიაზ ილიასოვი დაამარცხა და ფინალში ბელგიელი ტომა ნიკოფორივს შეხვდა და იპონით მარცხი განიცადა, რის შედეგადაც ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამავე წონაში ილია სულამანიძეც მედლისთვის იბრძოდა. მან ნიდერლანდელ მიხაელ კორელს, ხორვატ ზლატკო კუმრიჩს, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ აწ ხსენებულ ბელგიელ ტომა ნიკოფოროვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა, სადაც ფრანგ ალექსანდერ იდირთანაც დამარცხდა და საბოლოოდ, მედლის გარეშე დარჩა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა პირველ წრეში უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოს აჯობა, მაგრამ შემდეგ ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც როი მეიერთან წააგო და მედლის გარეშე გარდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს გურამ თუშიშვილი დაეუფლა, რომელმაც თურქი ჯემალ ერდოღანი, ებრაელი ორ სასონი დაამარცხა და ნახევარფინალში აღმოჩნდა, თუმცა იქ რუს ინალ ტასოევთან ვერაფერი გააწყო. გურამი ბრინჯაოს მედლისთვის როი მეიერს შეხვდა და გამარჯვება არ გასჭირვებია.
დღესვე, ქალთა შორის სოფიო სომხიშვილმა ბელარუს მარინა სლუცკაიასთან პირველივე ბრძოლა წააგო და ასპარეზობას საწყის ეტაპზე გამოეთშა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა - ლაშა ბექაური (90 კგ) ოქროს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) ვერცხლს, ხოლო გურამ თუშიშვილი (+100კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.